გათბობის გაზრდილი გადასახადები ლიეტუვის ეკლესიებს მძიმე ტვირთად აწვება. ზოგიერთი მათგანი, ყინვების გამო, ღვთისმსახურების შეჩერებას აპირებს, ზოგი კი მესას, აუტანელი სიცივის მიუხედავად, მაინც ატარებს. სასულიერო პირების თქმით, მდგომარეობა ძალიან დაამძიმა საშემოსავლო გადასახადიდან შემოსული იმ დაფინანსების გაუქმებამ, რომელიც ადრე რელიგიურ თემებს ერიცხებოდათ.
კრეკენავას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ბაზილიკაში, მთელი იანვრის განმავლობაში, შიდა ტემპერატურა 6 გრადუსს არ აღემატებოდა. თუმცა, ამ უმნიშვნელო სითბოს შენარჩუნებაც კი ძალიან ძვირი დაჯდა - გათბობის გადასახადმა 4 000 ევროს გადააჭარბა, სხვა კომუნალურ ხარჯებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
მღვდელი, გედიმინას იანკუნასი ამბობს, რომ ეკლესიის დანაზოგის გამოყენება მოუწევს, რადგან ბოლო ორი თვის შემოწირულებებით გადასახადის ნახევარსაც კი ვერ დაფარავს.
„მიძინების დღესასწაულმა გადაგვარჩინა, როცა ბევრი ხალხი მოვიდა და ეკლესიას თანხა შესწირა. ეს სახსრები ზამთრისთვის გადავინახე. ახლა შეგროვებული შემოწირულებები თანხის ნახევარსაც ვერ დაფარავს. ისეთი სიტუაციაა, რომ ხარჯების შემცირება მოგვიწევს. ზოგიერთი ეკლესია ყინვების პერიოდში, სავარაუდოდ, დაიკეტება, ხალხი კი უფრო თბილ ტაძრებში ივლის ან უფრო მომცრო საეკლესიო ნაგებობებში გადაინაცვლებს“ - განაცხადა იანკუნასმა.
ეკლესია ლიეტუვაში (საილუსტრაციო ფოტო)ფოტო: ი. სტაცევიჩიუსი / ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT)
კუპიშკისის ქრისტეს ამაღლების ეკლესიაში, ბოლო კვირების განმავლობაში, მსახურება რეგულარულად არ ტარდება, რადგან ეკლესიის შიგნით ტემპერატურა -9 C-მდე დაეცა. 1 500 კვადრატული მეტრი ფართობის შენობას ცენტრალური გათბობის სისტემა არ აქვს და არც მისი მონტაჟება იგეგმება.
„გათბობის ერთადერთი საშუალება საკურთხეველთან გვაქვს. ეს არის ინფრაწითელი ნათურები იმისთვის, რომ მესის დროს წყალი არ გაიყინოს“, - ამბობს ამ ეკლესიის მღვდელი, მინდაუგას შაკინისი და იქვე დასძენს: „ეჭვი მეპარება, რომ ჩვენმა ეკლესიამ გათბობის ამხელა ხარჯების გაწევა შეძლოს. ამ ქალაქის კვალობაზე, ეს ეკლესია უზარმაზარია; მისი სრულად გათბობა წარმოუდგენელი ფუფუნება იქნებოდა“.
უტენაშიც კი, სადაც გათბობის ფასები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ქვეყანაში, ეკლესიებს ათასობით ევროს ოდენობის ყოველთვიური გადასახადი მისდით. საღმრთო განგებულების (Divine Providence) სახელობის ეკლესიაში ვარაუდობენ, რომ იანვარში გათბობის გადასახადი 3 300 ევროს გადააჭარბებს, დაახლოებით იგივე ოდენობას ვარაუდობენ თებერვალშიც.
მღვდელი რემიგიუს კავალიაუსკასი განმარტავს, რომ ეკლესიები ადრე მოსახლეობის საშემოსავლო გადასახადის შენატანებიდან მიღებულ დაფინანსებაზე იყვნენ დამოკიდებულნი - საშემოსავლო გადასახადის 1.2%-ზე, რომელიც არაკომერციულ ორგანიზაციებზე, მათ შორის, რელიგიურ თემებზეც ნაწილდებოდა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ეს დახმარება შეწყდა, თავის გატანა ძალიან გართულდა.
ღვთისმსახურება ეკლესიაში (საილუსტრაციო ფოტო)ფოტო: ვ. რაუპელისი / ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT)
„ამ 1.2%-იანი დახმარებიდან დაახლოებით იმ ოდენობის თანხას ვიღებდით, რაც ახლა გათბობის გადასახადია, ზოგჯერ მეტსაც კი - დაახლოებით 4 000-დან 5 000 ევრომდე. ახლა ამ თანხას ვეღარ ვიღებთ. ეს დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სოფლის ეკლესიებისთვის. ამჟამად სოფლის მხოლოდ რამდენიმე ეკლესიას აქვს გათბობა“, - დასძინა კავალიაუსკასმა.
პანევეჟისის ეპისკოპოსმა, ლინას ვოდოპიანოვასმა კი აღნიშნა, რომ საგადასახადო მხარდაჭერის გარეშე დარჩენის, სიცივის გამო მრევლის შეთხელების და შემოწირულობების შემცირების პირობებში, ეკლესიები გადარჩენისთვის იბრძვიან. მან მრევლს მოუწოდა, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში შესაწირი გაიღონ და ეს საბანკო გადარიცხვით ან თანხის უშუალოდ ეკლესიაში მიტანის გზით გააკეთონ.
„ძალიან რთული პერიოდია ყველასთვის. ზოგან გათბობის გადასახადები გაორმაგდა ან გასამმაგდა, მხარდაჭერა აღარ არის, შემოწირულობები კი ძალიან მცირეა, რადგან ხალხს თავად მისდის დიდი გადასახადები. მადლობელი ვართ მათი, ვინც ამ რთულ დროს გვეხმარება“, - განაცხადა ვოდოპიანოვასმა.
პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს შეეძლოთ თავიანთი საშემოსავლო გადასახადის 1.2% (რომელიც, სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში წავიდოდა) არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გადაერიცხათ, თავდაპირველად, ეკლესიებსა და საჯარო დაწესებულებებს, მაგალითად, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს, სახსრებზე წვდომის საშუალებას აძლევდა. თუმცა, მოგვიანებით, კანონმდებლებმა კანონი შეცვალეს და ისინი სიიდან იმ არგუმენტით ამოიღეს, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად მიმართული ღონისძიებების მიზნობრივ ბენეფიციარებს არ წარმოადგენდნენ.
თუმცა, ახლა ლიეტუვის პარლამენტის წევრებმა ამ გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა დაიწყეს.
წყარო: 1 არხი