პოლონეთი მეორე მსოფლიო ომისა და საბჭოთა პერიოდის დანაკარგების შესახებ მონაცემებს შეაგროვებს, სანამ რუსეთისთვის რეპარაციის მოთხოვნის წაყენებაზე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს განცხადება პოლონეთის მთავრობის სპიკერმა მას გააკეთა, რაც „ფაინენშალ თაიმსმა“ შესაძლო სარჩელის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

კრემლის საერთო ხედი. 2026 წლის 12 თებერვალიფოტო: ჰექტორ რეტამალი / საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

კერძო მაუწყებელ Polsat News-თან ინტერვიუში, პოლონეთის მთავრობის სპიკერს, ადამ შლაპკას დაუსვეს კითხვა „ფაინენშალ თაიმსში“ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლონეთი რუსეთისგან, „ქვეყანაში საბჭოთა ბატონობის დროს ჩადენილი სისასტიკეებისთვის“, რეპარაციის მიღების მოთხოვნას ამზადებს, რაც გერმანიისთვის მოთხოვნილი 1.3 ტრილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის („მეორე მსოფლიო ომიოს დროს ჩადენილი დანაშაულებებისთვის“) ანალოგიური ნაბიჯი იქნება.

„ჯერჯერობით ამ საკითხით, უპირველეს ყოვლისა, „ომის დანაკარგების ინსტიტუტია“ დაკავებული, - აღნიშნა შლაპკამ, - ის სწავლობს სათანადო მონაცემებს, მუშაობს მათ მეცნიერულ დასაბუთებაზე და მას შემდეგ, რაც ყველაფერი დეტალურად იქნება შესწავლილი, შესაძლებელი გახდება გადაწყვეტილებების მიღება“.

გაზეთმა მოიყვანა ინსტიტუტის დირექტორის, ბარტოშ გონდეკის ციტატა, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა რუსეთის ისტორიული დანაშაულების გამოძიება დაავალა. გონდეკის თქმით, „ეს კვლევა გაცილებით ფართომასშტაბიანი იქნება, ვიდრე ნაცისტური სისასტიკეების შესახებ ჩატარებული სამუშაო, რადგან „ცივი ომის“ პერიოდში პოლონეთი, ოთხ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, საბჭოთა გავლენის ქვეშ რჩებოდა“.

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, პოლონელ ისტორიკოსებს არ აქვთ წვდომა რუსეთის გასაიდუმლოებულ არქივებზე, საბჭოთა პერიოდის მრავალი მნიშვნელოვანი დოკუმენტი კი გაყალბებული ან განადგურებულია. როგორც გაზეთი იუწყება, აღნიშნულ სამუშაოს დაახლოებით 10 პოლონელი ისტორიკოსისა და მკვლევრისგან შემდგარი გუნდი შეასრულებს.

შლაპკას თქმით, ეს სამუშაო, ადრინდელთან შედარებით, ნაკლებად პოლიტიზებული უნდა იყოს. მან გაიხსენა, რომ „ომის დანაკარგების ინსტიტუტი“ წინა ხელისუფლების, პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) მმართველობის პერიოდში შეიქმნა და „უკიდურესად პოლიტიზებული იყო“.

მისივე განცხადებით, ახლა საჭიროა „ძალიან სანდო და საფუძვლიანი აკადემიური კვლევის ჩატარება ყველა დანაკარგის შესახებ“, რომელიც ქვეყანამ 1939 წელს საბჭოთა კავშირის თავდასხმის, ტერიტორიების ოკუპაციისა და შემდგომი მოვლენების შედეგად განიცადა, რათა მათი ყოვლისმომცველი შესწავლა მოხერხდეს.

შლაპკამ ასევე დაადასტურა „ფაინენშალ თაიმსის“ მიერ აღწერილი სირთულეები, რომლებიც არქივებთან წვდომასთან არის დაკავშირებული.

„ეს მარტივი არ იქნება, რადგან ჩვენთვის საჭირო არქივები ძალიან ხშირად მიუწვდომელია“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ ინსტიტუტის მიერ კვლევის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

წყარო: Polsat News,  1tv.ge