„ვხედავთ, რომ შეერთებული შტატების დამოკიდებულება არ შეცვლილა – მათ უნდათ, რომ ევროპელებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე,“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი მელაშვილი. მას მიუნხენის უსაფრთხოების მორიგ კონფერენციაზე ვესაუბრეთ, გზავნილებზე, რომლებიც დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერებმა გააჟღერეს.
გიორგი მელაშვილს ლავროვის მოადგილის ახალ განცხადებაზეც ვკითხეთ, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზეც უნდა იფიქროს – ეკონომიკური სარგებელი დიდიაო.
„ქართული ოცნებაც“ კი ვერ ბედავდა ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმას… რუსეთი ფიქრობს, რომ ასეთი დასუსტებული, იზოლირებული, მოკავშირეებისგან მოწყვეტილი საქართველო უფრო მეტად არის მოწყვლადი მათი ზეწოლისადმი… ახლა შეიძლება იყოს ის მომენტი, როდესაც რუსეთმა შეიძლება აიძულოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომ მათ მიიღონ ასეთი მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ შეიძლება იყოს განსხვავებულად შეფუთული“, – ამბობს გიორგი მელაშვილი „ბათუმელებთან“.
„ბათუმელებმა“ გიორგი მელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.
- ბატონო გიორგი, თავდაპირველად დღევანდელ განცხადებაზე მინდა გკითხოთ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით მიღებულ შესაძლო ეკონომიკურ სარგებელზე უნდა იფიქროსო. რაზეა გათვლილი ეს გზავნილი?
„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ისედაც არის გაზრდილი რუსული ეკონომიკური გავლენები საქართველოზე. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მთელი რიგი პროდუქციის მიწოდების ჯაჭვებმა გადმოინაცვლა საქართველოს ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, საქართველომ მიიღო სერიოზული ეკონომიკური ბუსტი – ირიბად რუსეთის ეკონომიკის ხარჯზე. როგორც ჩანს, ახლა რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ამისთვის მოითხოვოს სათანადო საფასურის გადახდა.
სრულიად წარმოუდგენელია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს არამარტო ოკუპირებული ჩვენი ორი რეგიონი, არამედ ისინი მიჩნეული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. შესაბამისად, იქ არსებობს რუსული საელჩოები. ამ მოცემულობაში უბრალოდ შეუძლებელია, საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთან რამე ტიპის დიპლომატიური კომუნიკაციის დამყარება.
რუსეთს არაერთხელ გაუსვამს ხაზი იმისთვის, რომ ვითომდა ცდილობენ კონსტრუქციული აქტორის როლის მორგებას. მათ არაერთხელ, ადრეც ჰქონდათ განცხადებები დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ, თუმცა მთავარ წინაპირობად ყოველთვის აყენებდნენ ე.წ. ფსევდო-ახალი რეალობის აღიარებას და თბილისისგან ითხოვდნენ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რაც აქამდე არ მომხდარა. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

გიორგი მელაშვილი
ის საფასური, რომლის გადახდაც ჩვენ გვიწევს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, არის იმდენად მაღალი, რომ „ქართული ოცნებაც“ კი ვერ ბედავდა ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმას.
როგორც ჩანს, დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ევროიზოლაცია არის გაღრმავებული, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – იქნება ეს შეერთებული შტატები თუ ევროკავშირი – ურთიერთობები არის ისტორიულად დაბალ ნიშნულზე, რუსეთი ფიქრობს, რომ ასეთი დასუსტებული, იზოლირებული, მოკავშირეებისგან მოწყვეტილი საქართველო უფრო მეტად არის მოწყვლადი მათი ზეწოლისადმი.
იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, რომელიც შეიძლება იყოს შეფუთული, როგორც ფსევდოკონფედერაცია, როგორც რაღაც კონფლიქტის გადაჭრის გზა, ან ახალი რეალობის აღიარება – ამ შემთხვევაში, ეს იქნება ქართული სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა ჩვენს ორ რეგიონზე.
სამაგიეროდ რუსეთი, რა თქმა უნდა, მზად იქნება, რომ სიამოვნებით აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები.
- ეს გზავნილი იყო ისევ ნიადაგის შემზადება, თუ ელოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს?
რუსეთთან ნებისმიერი კომუნიკაცია, რუსეთისგან ნებისმიერი სარგებელი მოდის ძალიან ძვირი ფასის სანაცვლოდ. ეს ფასი არის საქართველოს სუვერენიტეტი. ეს ფასი არის ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობა.
როგორც ჩანს, რუსეთი თვლის, რომ რადგანაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად საქართველო არის სრულიად იზოლირებული ჩვენი პარტნიორებისგან, ჩვენი სახელმწიფო არის დასუსტებული, ის დიპლომატიური მხარდაჭერა, რომელიც არსებობდა, როგორც ევროკავშირის მხრიდან, ასევე შეერთებული შტატებისგან, არის შემცირებული, ახლა შეიძლება იყოს ის მომენტი, როდესაც რუსეთმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეიძლება აიძულოს, მიიღონ ასეთი მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ შეიძლება იყოს განსხვავებულად შეფუთული.
ნაკლებად ველოდები, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ აღიარებს ჩვენი რეგიონების დაკარგვას, თუმცა სამაგიეროდ მათ შეიძლება სცადონ რუსეთთან ერთად შეფუთონ ყოველივე ეს ფსევდოკონფედერაციის იდეაში.
- რა იცვლება დასავლეთში, რა გამოჩნდა მიუნხენის წლევანდელ კონფერენციაზე? „ევროპა უნდა გადარჩეს. ჩვენი ბედი არის და ყოველთვის იქნება გადაჯაჭვული“- განაცხადა მარკო რუბიომ. გამოიკვეთა, როგორი იქნება აშშ-ს ევროპასთან ურთიერთობის ახალი მოდელი?
მე ვიტყოდი, რომ მიუნხენის 2024 წლის კონფერენცია იყო გაგრძელება შარშანდელი კონფერენციისა. გზავნილები, რაც გააჟღერა შარშან ჯეი დი ვენსმა საკმაოდ ხისტად, გაიმეორა მარკო რუბიომ, ოღონდ მის მიერ გაჟღერებული გზავნილები იყო გაცილებით უფრო შერბილებული და ევროპელებისთვის უფრო გასაგებ ენაზე გაჟღერებული.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო TRIPP და ტრამპის ადმინისტრაციის ჩართულობა სომხეთისა და აზერბაიჯანის საკითხებში.
საქართველო მიუნხენის კონფერენციის ძირითად ნაწილში საერთოდ არ იყო წარმოდგენილი. ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი [ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი] მონაწილეობდა ერთ-ერთი NGO-ს მიერ ორგანიზებულ პანელში, თუმცა ამის იქით ჩვენი, საქართველოს საკითხი, საერთოდ განხილული არ ყოფილა.
რა თქმა უნდა, საქართველოს თემა შენარჩუნებული არის ევროკავშირის დღის წესრიგში, საქართველოს დღესაც აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ, როგორც ევროკომისიამ აღნიშნა, ეს არის მხოლოდ სიტყვები.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად ჩვენი ევროინტეგრაციის საკითხი ამჟამად არის დაპაუზებული იმ ანტიდემოკრატიული კანონების გამო, რომლებსაც ისინი მუდმივად იღებენ და იმ ანტიდასავლური განცხადებების გამო, რომლითაც გამოირჩევა „ქართული ოცნების“ მრავალი წარმომადგენელი.
შეერთებული შტატები აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც გააჟღერა ჯეი დი ვენსმა თავის სიტყვაში შარშან… მიუხედავად იმისა, რომ გზავნილები იყო იგივე, მათი წარმოჩენა რუბიოს მხრიდან იყო სრულიად განსხვავებული. მნიშვნელოვანი იყო საუბარი დასავლური ცივილიზაციის გაძლიერების აუცილებლობაზე, მნიშვნელოვანი იყო გზავნილები იმაზე, რომ ევროპელებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე. აქაც ჩვენ ვხედავთ, რომ შეერთებული შტატების წინა გზავნილები, რაც იყო ვენსის მიერ გაჟღერებული, იყო გაძლიერებული მარკო რუბიოს მხრიდან.
ვხედავთ, რომ შეერთებული შტატების დამოკიდებულება არ შეცვლილა – მათ უნდათ, რომ ევროპელებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე.
- ევროკავშირი ხდება დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მოთამაშე?
ევროკავშირის დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, რომ ევროპელებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ საკუთარი უსაფრთხოებისადმი.
ჩვენ ვხედავთ, რომ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ მკვეთრად გაზარდა საკუთარ უსაფრთხოებაზე ხარჯები. იმავეს აკეთებენ ევროპის სხვა ქვეყნები და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ევროკავშირის გარდაქმნა არამარტო ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაერთიანებად, არამედ ასევე თავდაცვით-პოლიტიკურ გაერთიანებად და ნატოს ფუნქციონალის გარკვეული გადააზრება მიმდინარეობს. ვხედავთ, რომ ევროკავშირი ნელ-ნელა ყალიბდება როგორც გეოპოლიტიკური აქტორი.
- რა არის ეს მეტი პასუხისმგებლობა? ევროკავშირის ქვეყნებმა გაზარდეს თავდაცვის დაფინანსება. რას ვერ ახერხებს ევროკავშირი აშშ-სგან დამოუკიდებლად?
ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები მნიშვნელოვნად ზრდიან საკუთარ თავდაცვისუნარიანობას, თუმცა თავდაცვისუნარიანობის გარდა, არსებობს ასევე ე.წ. ურთიერთ-ოპერატიულობა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებს შეუძლიათ ერთმანეთთან შეთანხმებით ოპერირება. ამ მხრივ ნატოს სტანდარტების არსებობის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ასევე, არ არსებობს საერთო ევროპული ტიპის სარდლობა. ეს არსებობს მხოლოდ ნატოს ფორმატში.
ნატოს და ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ატომური იარაღი. ევროკავშირის ქვეყნებიდან დამოუკიდებელი ბირთვული პროგრამა გააჩნია მხოლოდ საფრანგეთს. გერმანიას, მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბირთვული იარაღის შექმნასთან დაკავშირებით სერიოზული შეზღუდვა ჰქონდა. ამიტომაც, აუცილებელია, რომ მოხდეს ან გერმანიის მიერ საკუთარი ატომური პოლიტიკის გადააზრება და იმ მავნებლობის გაუქმება, რაც მოხდა ანგელა მერკელის პერიოდში, როდესაც გერმანიამ უარი თქვა ბირთვულ ენერგეტიკაზე, ან უნდა მოხდეს საფრანგეთთან და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთობლივად ახალი ბირთვული ფარის ჩამოყალიბება.
ამ მხრივ საფრანგეთს აქვს სრულიად სუვერენული და დამოუკიდებელი ბირთვული პროგრამა, ხოლო ბრიტანეთი არის გადაჯაჭვული ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
ბრიტანეთის დაბრუნება საერთო ევროპულ უსაფრთხოების არქიტექტურაში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.
- გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მიმართა აშშ-ს: „დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის ეპოქაში შეერთებული შტატებიც კი, არ იქნება საკმარისად ძლიერი, რომ მარტომ იმოქმედოს“. დასავლეთის ლიდერ სახელმწიფოებს შორის რა სახის წესრიგი მყარდება?
უნილატერალური [ერთპოლუსიანი] მსოფლიო წესრიგის დასრულება ხდება, რასაც ჩვენ პრინციპში ვაკვირდებით ახლა. ეს ნიშნავს იმას, რომ აღარ არსებობს ერთი კონკრეტული ჰეგემონი. ჩვენ გადავდივართ რეგიონული ძალების დომინირების ეპოქაში.
ტრამპის ადმინისტრაციას აშკარად აქვს გამოთქმული საკუთარი პასუხისმგებლობა ამერიკის კონტინენტზე [როგორც სამხრეთ ამერიკაზე, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაზე, ისლანდიამდე], ხოლო ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ყველაზე ლოგიკურია, რომ აიღოს, რა თქმა უნდა, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ და, ზოგადად, ევროკავშირმა.
აქამდე არსებულ მოდელში ევროპელები სარგებლობდნენ შეერთებული შტატების უსაფრთხოების არქიტექტურით და ამავდროულად მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, უფრო მეტი რესურსი დაეხარჯათ სოციალური სახელმწიფოსთვის აუცილებელ პროგრამებზე. ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპელებს მოუწევთ გაცილებით უფრო მეტი რესურსის გადატანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რისი პოტენციალიც, როგორც ადამიანური, ასევე რესურსების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ქვეყნებს გააჩნიათ.
ცივი ომის შემდეგ მსოფლიო არსებობდა უნილატერალური სისტემის პირობებში, როდესაც არსებობდა ერთადერთი ჰეგემონი – შეერთებული შტატები, რომელსაც ჰქონდა გარკვეული მსოფლიო ჟანდარმის როლი. ჯერ კიდევ ობამას პერიოდში შეერთებული შტატები უარს ამბობდა ამ პოზიციაზე და უფრო მეტი ყურადღება გადაჰქონდა ევროპიდან წყნარი და ინდოეთის ოკეანის რეგიონზე. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს პოლიტიკა გრძელდება და ჩვენ ვხედავთ მის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას.
საბოლოო ჯამში, ჩვენ მივალთ სიტუაციამდე, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებს მოუწევთ საკუთარ უსაფრთხოებაზე გაცილებით უფრო მეტი ყურადღების დათმობა და თავად ჩამოყალიბება გეოპოლიტიკურ აქტორად.
- ზელენსკის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი წელს იყო ის, რომ პუტინს 1938 წლის მიუნხენის შეთანხმების განმეორება სურს, როცა ევროპა ჩეხოსლოვაკიის მსხვერპლად შეწირვას დათანხმდა დიდი ომისგან გადარჩენის იმედით.
ნაწილობრივ შეიძლება, რა თქმა უნდა, ასე შეფასება.
უფრო მეტი პარალელია, რაც რუსეთს არაერთხელ უთქვამს, რომ მათ სურთ 1944 წლის იალტის კონფერენციის განმეორება. ამ დროს დიდმა სახელმწიფოებმა უბრალოდ გაიყვეს გავლენის სფეროები და ამ გავლენის სფეროების ფარგლებში ზოგიერთი ქვეყანა მოხვდა რუსულ გავლენის სფეროში, ზოგიერთი – დასავლეთის გავლენის სფეროში. იალტის განმეორება არის პრინციპში ის, რაც რუსეთს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უნდა, თუმცა მათ ეს არ გამოსდით.
- როცა დასავლეთი უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე ლაპარაკობს, რამდენად შეიძლება ჰქონდეს საქართველოს დასავლეთის, როგორც სანდო და ძლიერი მოკავშირის, მხარდაჭერის იმედი?
მსოფლიო დღეს გადადის ახალი მსოფლიო წესრიგის ეპოქაში. ასეთი გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი და სანდო მოკავშირეების არსებობა.
საქართველოსთვის ყველაზე სანდო და ძლიერი მოკავშირე ყოველთვის იყო დასავლეთი, რომელიც ჩვენ გვეხმარებოდა ათწლეულების განმავლობაში ნორმალური, თანამედროვე და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაში.
„ქართული ოცნების“ ქმედებების გამო ვხედავთ, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობები არის ისტორიულად ყველაზე კატასტროფულ მდგომარეობაში. ამავდროულად, რუსეთი, რომელიც არის ჩვენი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა, პირიქით, ცდილობს, რომ გააძლიეროს საკუთარი გავლენები საქართველოში. ეს მაშინ, როდესაც სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაში: სომხეთსა და აზერბაიჯანში, რუსული გავლენები მკვეთრად შემცირებულია.
ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც რუსეთი ცდილობს ინტენსიურად საკუთარი გავლენის გაზრდას, არის საქართველო.