დღეს რუსთავში, რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარედ საპროტესტო აქცია გაიმართა ახალი ნორმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში 2026 წლის აპრილიდან კრძალავს 6 წელზე ძველი ავტომობილების იმპორტს.

რუსთავში შეიკრიბნენ ავტომობილების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები, ავტოდილერები და სხვა მოქალაქეები - რამდენიმე ათეული ადამიანი - პროტესტის გამოსახატად.

ისინი ვარაუდობენ, რომ ცვლილების ამოქმედების შემდეგ ავტომობილების ფასები გაიზრდება.

„შევიკრიბეთ, რათა ერთმანეთს უფრო მეტად გავუზიაროთ არსებული პრობლემები და შევაცადოთ კომპანიების და ავტოდილერების სატკივარი მივიტანოთ ხელისუფლებამდე“, - უთხრა „ტვ პირველს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მისი თქმით, ეკონომიკის „ეს სფერო არის უმნიშვნელოვანესი და ბევრი ადამიანის შემოსავალს დაეტყობა, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ“.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ „დილერების 30%-ზე მეტი უმუშევარი დარჩება“.

რა (არ) ეხება ცვლილებები

მთავრობის დადგენილების თანახმად, აკრძალვა 1 აპრილიდან ამოქმედდება. ის შეეხება მსუბუქ მანქანებს [M1 კატეგორია - არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი, მძღოლის გარდა].

არ შეეხება ელექტრომობილებს; ავტომობილების რეექსპორტს, ტრანზიტს, ექსპორტს.

შეზღუდვა არ შეეხება საქართველოში უკვე რეგისტრირებულ ავტომობილებს; ასევე იმ ავტომობილებს, რომლებიც 1 აპრილამდე უკვე ნაყიდია და ტრანსპორტირება დაწყებულია საქართველოს მიმართულებით. ეს ყველაფერი მფლობელმა შესაბამისი დოკუმენტებით უნდა დაადასტუროს.

12 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 6 წელზე ძველი ავტომობილების საქართველოში რეგისტრაციის აკრძალვა აუცილებელია ამ არგუმენტებით:

  • 2012 წელს საქართველოში 864 ათასი ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ხოლო წლევანდელი მონაცემებით - რეგისტრირებული მანქანების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.
  • ასეთი ზრდა, ერთი მხრივ, იწვევს საგზაო მოძრაობის გადატვირთვას, ხოლო, მეორე მხრივ, აუარესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.

საზოგადოებაში ამ ცვლილებით უკმაყოფილების შემდეგ, „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ (ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პირადმა ექიმმა) თქვა, რომ ეს აკრძალვა „ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს“.

„ეს ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. პირიქით, არსებული ძველი მანქანები კიდევ უფრო დიდხანს დარჩება მიმოქცევაში“, - განაცხადა მან 19 თებერვალს.

www.radiotavisupleba.ge