„რადიო თავისუფლების“ ცენტრალურმა სამსახურმა მოიპოვა ევროკომისიის მიერ შემუშავებული შეთავაზება ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, მოთხოვნილია: რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ დამატებით 43 გემის სანქცირება; რუსული თხევადი ბუნებრივი გაზით (LNG) დატვირთული ტანკერებისათვის ტექნიკური მომსახურების სერვისების აკრძალვა; რუსეთსა და „მესამე ქვეყნებში“ ოთხ კონკრეტულ საპორტო ტერმინალთან ტრანზაქციების აკრძალვა. სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიაშია გაყვანილი ყულევის პორტი.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას traceca.ge-ს დამფუძნებელი ზურაბ მაღრაძე აღნიშნავს, რომ შავი ზღვა როგორც ევროკავშირისთვის, ასევე, ნატოსთვის, უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია უსაფრთხოების თვალსაზრისით. შესაბამისად, თუკი გამოვლინდება საკითხები, რაც დასავლეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, სანქციები არ დააყოვნებს.
„ევროკავშირისა და ნატოსთვის შავი ზღვა გამოცხადებულია უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე სტრატეგიულ ტერიტორიად. ამავე დროს, შავ ზღვაზე გავლენების განაწილება ბოლო 5 საუკუნოვანი ისტორიაა, რომელიც საქართველოსაც უკავშირდება, ბუნებრივია და თურქეთსა და რუსეთს შორის ომების მიზეზიც ეს იყო.
ევროკავშირის მკაფიო ინტერესი ცალსახად ჩანს, რადგან მისი პროგრამებია: აღმოსავლეთ პარტნიორობაც, შუა დერეფანიც, ტრასეკაც და შავი ზღვის მწვანე კაბელის პროექტიც. ეს ოთხი მიმართულება პირდაპირ ხაზს უსვამს ევროკავშირის ცალსახა დამოკიდებულებას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხისადმი. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ევროკავშირის უსაფრთხოებას ეხება შავი ზღვის გადასახედიდან, ნებისმიერ შემთხვევაში, ევროკავშირი იქნება მკაფიო და უკან დახევა არ მოხდება. ისინი ამბობენ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ რამდენიც იქნება საჭირო უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისთვის, უკან არ დაიხევენ“, - აცხადებს ზურაბ მაღრაძე.
ზურაბ მაღრაძე შავი ზღვის პორტებზე გავლენების ცვლილებების შესახებაც საუბრობს. კერძოდ, მისი თქმით, 2014 წლის შემდეგ ყირიმის პორტებს, სადაც მნიშვნელოვანი პორტი იყო სევასტოპოლი, რუსეთი აკონტროლებს, რომელიც წარმოადგენს კლასტერს, როგორიც არის ჩერნომორსკი, ყოფილი იუჟნის პორტი, არის კიდევ 6-7 პორტი, სადაც განთავსებულია ნავთობის ტერმინალები: ქერჩის, იალტის და ასე შემდეგ. ვინაიდან ომმა შეცვალა რუსეთის შესაძლებლობები იმავე შავ ზღვაშიც, სევასტოპოლის დათმობა მოუწია და იქაური საზღვაო და განსაკუთრებით, სამხედრო აქტივები ნოვოროსიისკის პორტში გადაიტანა. ნოვოროსიისკის პორტი არის როგორც ნაყარი ტვირთების, ასევე, ნავთობის გამანაწილებელი მთავარი ბაზა, რომელსაც ავსებენ ტუაფსესა და ტამანის ნავთობტერმინალები. რეალურად, მთელი სამხედრო დაზვერვის, თავდაცვისა თუ უსაფრთხოების აქტივები განთავსებულია ნოვოროსიისკში. სწორედ ნოვოროსიისკია რუსეთის ერთადერთი, ყველაზე მთავარი არტერია, რაც შავი ზღვის გამოყენების თვალსაზრისით გააჩნია. უკრაინას კი დარჩა ოდესის პორტი თავისი კლასტერებით და მისი გავლით ახდენს მარცვლეულის ექსპორტს. შესაბამისად, უკრაინა მართავს ოდესას, რუსეთი - ნოვოროსიისკის პორტს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ნოვოროსიისკის პორტიდანაც რუსეთს არ შეუძლია ღიად და თამამად აწარმოოს გადაზიდვები, რადგან ცალკე ევროკავშირი და ცალკე ნატო ჩასაფრებულები უთვალთვალებენ უკანონო, არასანქცირებული ტვირთების გადაზიდვას. შესაბამისად, რუსეთი ყველა შესაძლებლობას, ყველა გზას, ყველა პორტს გამოიყენებს, როგორმე სანქციებს თავი აარიდოს და სანქცირებული ტვირთები შავი ზღვის გავლით სხვადასხვა ბაზარზე გაიტანოს.
„როგორც კი ევროკავშირი დაზუსტებულად დაადგენს, რომ ტვირთი, რომელიც ყულევის პორტიდან გადაიზიდა, თუ დადასტურდა, რომ ეს არის რუსული სანქცირებული ტვირთი, ყოველგვარი გადაჭარბებისა და მორიდების გარეშე სანქციები იქნება მკაცრი.
საქმე ის არის, რომ ყულევის პორტის მართვის უფლება საქართველოს არ აქვს, ანუ ქართული მხარე არ არის მისი მენეჯმენტი, არის „სოკარი“, ყაზახეთის ნავთობის ტერმინალები და ასე შემდეგ. შესაბამისად, სანქცია იქნება უშუალოდ ტვირთზე და არა სახელმწიფოზე. ბუნებრივია, თუ აღმოჩნდება, რომ ქართული მხარეც ჩართული იყო და ამის შესაბამისი დოკუმენტებიც დაიდება, ამ შემთხვევაში, სანქციების მასშტაბი კიდევ უფრო გაფართოვდება. ევროკავშირი საკმაოდ ბიუროკრატიული მექანიზმებით ხასიათდება, სანამ ყველა დოკუმენტი სისრულეში არ მოვა, ზედმიწევნით ზუსტი ინფორმაცია არ იქნება, იქამდე სანქციას არ დააწესებს.
ვფიქრობ, სარწმუნო სიგნალი მიიღეს, გაჰყვებიან და გამოიძიებენ ყველაფერს. თუ უკვე მომხდარია, სანქცია აუცილებლად იქნება, მაგრამ იქნება უშუალოდ ტვირთზე და არა - სახელმწიფოზე, ხოლო თუ აღმოჩნდება, რომ ბევრად ფართო მასშტაბიანი გადაზიდვები ხდებოდა, ამას ევროკავშირი არ დაუშვებს. ასე მოიქცევა ევროკავშირი არა იმიტომ, რომ ვინმეს დასანქცირების ინტერესი აქვს, არამედ იმიტომ, რომ შავი ზღვა არის მომავალში მისი უსაფრთხოების გარანტი“, - განმარტავს ზურაბ მაღრაძე.