ბიო მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორი მარიამ ჯორჯაძე რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ პესტიციდების გავლენა საბოლოო პროდუქტის ფასზე განსაკუთრებულად ასახვას არ პოვებს, რასაც ვერ ვიტყვით ბიო პრეპარატებზე. მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად შემოდის არახარისხიანი პესტიციდები უმთავრესად, რუსეთიდან, ასევე, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან.

შეგახსენებთ, რომ სურსათის, მედიკამენტების და საწვავის შემდეგ, მთავრობა პესტიციდების ფასის შესწავლასაც იწყებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ პესტიციდების ფასების შესწავლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაიაფებას.

„ყოველ შემთხვევაში, იმპორტიორების პირველ ხუთეულში არ არის არც ერთი ქვეყანა, სადაც პესტიციდების ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ჩვენი ორგანიზაცია - ბიო მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ზოგადად ბიო წარმოების მიმართულებით მუშაობს და პირიქით, წინააღმდეგიც არის პესტიციდების მოხმარების. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აგრო ეკოლოგიური და ბიო მეთოდებით შესაძლებელია ქვეყანაში მოწეული პროდუქცია კარგი ხარისხის იყოს, მაგრამ ამას გარკვეული პერიოდი სახელმწიფოს ხელშეწყობა სჭირდება. წლების განმავლობაში ეს ხელშეწყობა არ იყო. ახლა არსებობს პროგრამა, მაგალითად, მეღვინეობის სექტორში, მაგრამ იმდენად არასწორად აგებული პროგრამაა, რომ პრაქტიკულად, არ მუშაობს“, - აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.

მარიამ ჯორჯაძე იმასაც აღნიშნავს, რომ პესტიციდებსა და ბიო პრეპარატებზე მეტად ქვეყანას სხვა გაცილებით მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს - არასწორი სუბსიდირება, განათლების ნაკლებობა და ასე შემდეგ.

„მეთხილეობის სექტორში, წლების განმავლობაში ზუსტად პესტიციდების მაღალი გამოყენება ფინანსდებოდა სახელმწიფოს მხრიდან, რაც არასწორია. მთავარი პრობლემა, რომელზეც ვამბობთ, რომ თითქოს გადავლახეთ, მაგრამ ფაროსანას საკითხი არ მოგვარებულა. ასევე, ფაროსანას გარდა, არის სხვა პრობლემებიც - დაავადებების, მოვლის და ასე შემდეგ.

ზოგადად, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში ძალიან ნაკლებია ცოდნა და ძირითადი პრობლემაც ეს არის. ასევე, ჩვენ გარშემორტყმულნი ვართ ისეთი ქვეყნებით, სადაც სოფლის მეურნეობას დიდი თანხებით ასუბსიდირებენ, ჩვენთან ასეთი სუბსიდირება იშვიათია და თუ არის, არასწორადაა მიმართული. როგორიც იყო, მაგალითად, რთვლის დაფინანსება, თხილში პესტიციდების გამოყენება და ასე შემდეგ“, - ამბობს მარიამ ჯორჯაძე.