„[ინდოელების] მოთხოვნებს საზღვარი არ აქვს“, – ამის შესახებ OA Global DMC Georgia-ს დირექტორმა, ანა კირკიტაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.
მისი თქმით, ინდოელი სტუმრები საქართველოში, როგორც წესი, ხანგრძლივი პერიოდით არ ჩამოდიან და ვიზიტი რამდენიმე დღით შემოიფარგლება, რის გამოც მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია წინასწარ შერჩეული, მასშტაბური ღონისძიებების სივრცეები. ანა კირკიტაძე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში გაჩნდა ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც 700-დან 1000 სტუმრის მიღებას შეძლებს – სივრცეები, რომლებიც აქამდე ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობდა.
„ძალიან კარგია, რომ ნელ-ნელა დაემატა ასეთი მასშტაბის ლოკაციები, როგორიცაა მაგალითად „ლოპოტა“. თუმცა, ინდურ ბაზარს ძალიან სპეციფიკური მოთხოვნები აქვს“, – ამბობს კირკიტაძე.
მისივე მაგალითით, ერთ-ერთი ინდური ქორწილისთვის საქართველოში საკრუიზო გემზე, სადაც დაახლოებით 3000 სტუმარი იმყოფებოდა, მთლიანად შეიცვალა ინტერიერი და საბოლოოდ ორგანიზატორებმა სპილოს მიყვანაც მოითხოვეს : „მათ მოთხოვნებს რეალურად საზღვარი არ აქვს“, – აღნიშნავს ის.
ანა კირკიტაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ავიამიმოსვლასა და სავიზო საკითხებზე. მისი თქმით, ინდური საქორწილო ჯგუფებისთვის უმნიშვნელოვანესია პირდაპირი ფრენების არსებობა. ამ კონტექსტში დადებით მოვლენად სახელდება ავიაკომპანია „ინდიგოს“ ფრენები, თუმცა, ამ ეტაპზე, ისინი დროებით შეჩერებულია ირანის კონფლიქტის გამო.
„დაახლოებით, ორი კვირაა ფრენები შეჩერებულია, რადგან ავიაკომპანია ირანის საჰაერო სივრცეს იყენებს, პაკისტანის ცაზე კი გადაფრენა ვერ ხერხდება. იმედი მაქვს, ეს პრობლემა მალე მოგვარდება“, – აცხადებს OA Global DMC Georgia-ს დირექტორი.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან ბარიერად ის ვიზების საკითხს ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესებულია, ინდოეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის რისკი კვლავ მაღალია : „გვქონდა შემთხვევები, როდესაც წესრიგში მყოფი სტუმრები საზღვარზე უკან დააბრუნეს, რაც მასპინძელი ქვეყნის იმიჯზე ძალიან ცუდად აისახება“, – ამბობს კირკიტაძე.
მისივე თქმით, ინდური ბაზრისთვის მნიშვნელოვანია ასევე ფასისა და საწოლფონდის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ტაილანდს მასშტაბებით ვერ შეედრება, დუბაისთან შედარებით კონკურენტული ფასის შეთავაზება რეალურად შესაძლებელია, განსაკუთრებით 300-400 კაციან საქორწილო ღონისძიებებზე.
„იმისთვის, რომ ამ ბაზარს სრულფასოვნად მივაღწიოთ, პირველ რიგში უნდა მოგვარდეს სავიზო და ავიაკომპანიის კომფორტის საკითხები – ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი“, – აცხადებს ანა კირკიტაძე.