ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფებით, უპირველეს ყოვლისა, გათიშვები და ქსელიდან ამორთვები უნდა შემცირდეს, - ამის შესახებ BMG-სთან ენერგეტიკოსი გია არაბიძე საუბრობს. მისი თქმით, გასულ წელს, ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევები საკმაოდ ხშირი იყო.
„ძალიან დიდი იყო 2025 წელს ამორთვის შემთხვევები. რა თქმა უნდა, ბუნებრივ პირობებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება - როდესაც დიდი რაოდენობის თოვლი მოვა, ქარიშხალი იქნება და ა.შ. მაგრამ მშვიდ გარემოშიც ხშირად ითიშებოდა ელექტროენერგია. პირველ რიგში ალბათ, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს“ - აცხადებს გია არაბიძე BMG-სთან.
ამასთან, მისივე თქმით, ტარიფის 5 თეთრით ზრდა, სინამდვილეში, 2 თეთრიანი მატებაა.
„რეალურად, ეს ტარიფის ორ თეთრიანი ზრდაა, იმიტომ რომ 2023 წელს სამი თეთრით შეამცირეს ტარიფი. ამან ძალიან დიდი დაღი დაასვა ჩვენი სისტემის განვითარებას და მის საიმედო, უსაფრთხო მუშაობას. ამიტომ ვამბობ, რომ ეს მატება ორ თეთრიანია, იმასთან შედარებით, რაც 23 წელს იყო. ამ ორ თეთრიანი მატებით კი, გარკვეულ შედეგებს მიმდინარე წელს ვნახავთ.
რეალურად, ეს ყველაფერი გათვლილია რამდენიმე წელზე - მილიარდ ნახევარი ლარი, რომელიც უნდა ჩაიდოს ჩვენი ქსელის გაუმჯობესებაზე, ხუთ წელიწადზეა გათვლილი. ვფიქრობ, რომ ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ელექტრომომარაგება გაცილებით უსაფრთხო იქნება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ენერგოკომპანიები ჩადებენ ინვესტიციას თავიანთი ქსელის გასაუმჯობესებლად, არამედ იმიტომ, რომ ტარიფის ზრდა მეტ-ნაკლებად, დააინტერესებს უკვე ინვესტორებსაც - ჩვენთან გენერაციის ობიექტების მშენებლობის ტემპი და განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის წყაროების ექსპლუატაციაში შესვლის მაჩვენებლები გაიზრდება. ვფიქრობ, რომ ჯამში ეს ორივე, საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ქვეყანა უფრო უსაფრთხოდ იყოს მომარაგებული ელექტროენერგიით“ - აცხადებს გია არაბიძე BMG-სთან.
მარტის ბოლოს სემეკმა, ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაადგინა. შედეგად, 1 აპრილიდან ელექტროენერგია გაძვირდა ყველა ტიპის მომხმარებლისთვის: როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის. თბილისსა და რეგიონებში საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი 5 თეთრით, ხოლო საწარმოებისთვის 4-6 თეთრით გაიზარდა.