საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ორი ეკონომიკური ინიციატივა წარადგინა: სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხნის და სახელმწიფო ბანკის დაფუძნება.
დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და პარლამენტი აქტიურად მუშაობენ წამლების ფასების დასარეგულირებლად და ათასობით მედიკამენტზე რეფერენტული ფასები უკვე დაწესდა, მედიკამენტების ღირებულება მოქალაქეებისთვის კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება.
„მნიშვნელოვანია, რომ ის გეგმაზომიერი პროგრესი და შედეგები, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვაქვს, რეალურად ხელშესახები გახდეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ამიტომ, გვინდა ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დავაყენოთ სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხნის შექმნის საკითხი.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაც და პარლამენტიც აქტიურად მუშაობთ ფასების დასარეგულირებლად და ათასობით წამალი უკვე რეფერენტული ფასებით იყიდება, ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე პრობლემური მაინც მედიკამენტების ღირებულებაა.ის ფაქტი, რომ გაიზარდა ელექტროენერგიის გადასახადი და იზრდება საწვავის ფასი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, სავარაუდოდ, სურსათისა და მედიკამენტების კიდევ უფრო გაძვირებას გამოიწვევს.
კერძო სექტორმა დაადასტურა, რომ ისინი მილიონობით ლარს ხარჯავენ ახალ კვლევებში, თუმცა სახელმწიფო ქარხანას მსგავსი ხარჯების გაწევა არ დასჭირდება ის გამოუშვებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც უკვე ლიცენზირებული და აპრობირებულია მთელ მსოფლიოში.
ვრცლად: bm.ge