აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ის თავდაცვის მდივან პიტერ ჰეგსეტსა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს არამიწიერი სიცოცხლისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (ამო) შესახებ სამთავრობო დოკუმენტების გასაჯაროებას დაავალებს.

ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.

ამერიკის ლიდერმა თავისი გადაწყვეტილება საზოგადოების მხრიდან ამ საკითხის მიმართ „დიდი ინტერესით“ ახსნა.

„მე დავავალებ თავდაცვის მდივანს (პიტერ ჰეგსეტს - რედ.), შესაბამის დეპარტამენტებსა და სააგენტოებს, დაიწყონ არამიწიერი სიცოცხლის, ამოუცნობი საჰაერო ფენომენებისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების, ასევე ამ მეტად რთულ, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ინფორმაციის იდენტიფიცირებისა და გასაჯაროების პროცესი“, - აღნიშნა ტრამპმა.

რა უძღოდა წინ ტრამპის ამ განცხადებას?

16 თებერვალს, ბრაიან ტაილერ კოენის პოდკასტში, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ უცხო პლანეტელების არსებობის შესახებ დასმულ კითხვას შემდეგნაირად უპასუხა: „ისინი ნამდვილად არსებობენ, მაგრამ მე ისინი არ მინახავს და არც ნევადის შტატში მდებარე საიდუმლო „ზონა 51“-ში იმყოფებიან. ამ ზონაში მიწისქვეშა ობიექტები არ არის თუ, რა თქმა უნდა, ეს დიდ შეთქმულებას არ წარმოადგენს და ეს ამბავი აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუმალეს“.

მოგვიანებით, ობამამ თავის ინსტაგრამ-გვერდზე დაწერა, რომ „სტატისტიკურად, სამყარო იმდენად დიდია, რომ იქ სიცოცხლის არსებობის ალბათობა საკმაოდ მაღალია“.

გამოცემა „ბლუმბერგის“ ცნობით, 19 თებერვალს, Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, კოენის პოდკასტში უცხოპლანეტელების არსებობის განხილვის გამო, „საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში“ დაადანაშაულა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავდა თუ არა მისი პასუხი, რომ უცხოპლანეტელები ნამდვილად არსებობენ, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ არ იცის, ისინი „არიან თუ არა“.

წყარო: 1 არხი