„ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ბულვარს უკანონო და უსახური შენობებისგან ათავისუფლებს“ – ამ შინაარსის სათაურებით ფოტო-ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში ხშირად ვხვდებით. მუნიციპალური ინსპექციის, ბათუმის მერიისა და ბულვარის ადმინისტრაციის ფეისბუქის გვერდებით ვრცელდება კადრები, „როგორ ანგრევს მუნიციპალური ინსპექცია“ ბულვარში შენობებს.

ბულვარის უკვე დამტკიცებული გენგეგმის შესაბამისად, ბულვარში აქამდე არსებული კაფეები, კლუბები და ჯიხურები ბულვარის იერ-სახეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, ბევრ მესაკუთრეს საიჯარო ხელშეკრულების ვადა დიდი ხანია გაუვიდა.
არსებული პრაქტიკით, საიჯარო ხელშეკრულების გასვლის შემდეგ, მოიჯარეები დაცლილ ინფრასტრუქტურას არ შლიდნენ.
ტოვებდნენ მეორად სამშენებლო მასალებს და გამოუსადეგარ ნივთებს, რაც შემდეგ სეზონამდე ბულვარის იერ-სახეს ამახინჯებდა. წლობით რჩებოდა კაპიტალური შენობები, ზოგჯერ შემოღობილი პლაჟით ამ შენობების გაგრძელებაზე და მასთან დაკავშირებული ნარჩენებიც.
პრაქტიკა აჩვენებდა იმასაც, რომ ახალ საკურორტო სეზონზე ამ შენობებში იგივე მოიჯარეები ბრუნდებოდნენ.
სხვა რეალობა ჰქონდა მოიჯარეთა ერთ ჯგუფს, რომელთა წინააღმდეგ ბათუმის მერიამ 2020 წელს, ლაშა კომახიძის მერობის დროს, სამართლებრივი დავა დაიწყო სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერი სარგებლობის მოტივით. დავის პარალელურად მოიჯარეები მუშაობას აგრძელებდნენ.
დასრულდა თუ არა ეს დავა, არ ვიცით, ბათუმის მერიაში ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს.
ბულვარის გენგეგმის თანახმად, ერთიანი მიდგომა უნდა იყოს კომერციული დაწესებულებების მიმართ, რომლებიც ძველ ბულვარში კაპიტალურ შენობებს ფლობენ. ბულვარში მიწის ნაკვეთების ნაწილი აჭარის მთავრობის ბალანსზეა.
რეალურად მუშაობს მერია, უკვე დამტკიცებულ გენგეგმასთან თანხვედრაში რომ მოიყვანოს ბათუმის ბულვარი, თუ საქმე გვაქვს გავლენების მორიგ გადანაწილებასთან აჭარის ახალი თავმჯდომარისა და ბათუმის ახალი მერის პირობებში? – ეს მალე გამოჩნდება.
ამ ეტაპზე კი უკვე გამოიკვეთა რამდენიმე რეალური სამიზნე, ერთ-ერთია კაფე „ვივა ლათინო“, რომელიც მუნიციპალურმა ინსპექციამ მიწასთან გაასწორა. დაანგრიეს ასევე „მწვანე ბარის“ მიმდებარედ არსებული კაფე „ტყუპები“, გაიტანეს რამდენიმე ჯიხური. პროცესი გრძელდება, ამიტომაც ჯერ რთულია იმის თქმა, ვინ დარჩება და კომერციულ საქმიანობას გააგრძელებს ბათუმის ბულვარში.
„ვივა ლათინო“ იყო მათ შორის, რომლის მეპატრონეც მერიასთან ურთიერთობების გარკვევას სასამართლოში ცდილობდა. ეს კაფე შპს „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე სასტუმროს წინ, ზღვის მხარეს მდებარეობდა.
„ამბასადორის“ სასტუმროს მშენებლობის დაწყებიდან მალევე „ვივა ლათინოს“ მეპატრონე საჯაროდ საუბრობდა, რომ სასტუმროს ირგვლივ ადგილის გათავისუფლება „ამბასადორის“ სასარგებლოდ სურდათ და ამისთვის მეიჯარეების წინააღმდეგ საკუთარ გავლენებს იყენებდნენ კომპანიის მფლობელები.
„ამბასადორი“ შენობის მოპირკეთების ეტაპზეა გადასული.

ადგილი ახლა, სადაც კაფე „ვივა ლათინო“ ფუნქციონირებდა
დოკუმენტების მიხედვით, იმ ადგილის გარდა, სადაც კაფე „ვივა ლათინო“ იყო განთავსებული, ბათუმის მერიას ბულვარში კიდევ 11 მიწის ნაკვეთი ჰქონდა იჯარით გაცემული. ამ ნაკვეთებზე მოიჯარეებმა შენობები ააშენეს და სარესტორნო ბიზნესი წამოიწყეს.
მათ შორის იყო ე.წ. „მწვანე ბარი“. აქვს თუ არა რაიმე ახალი შეთანხმება მერიასთან ამ ობიექტის მეპატრონეს, არ ვიცით, მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, მერიაში კი კითხვებს არ უპასუხეს.
გენგეგმის მოთხოვნებთან ვერც რესტორანი „გეოგრაფია“ მოდის თანხვედრაში. ის ბულვარში „მწვანე ბარზე“ ბევრად მასშტაბური შენობით არის წარმოდგენილი.

ამ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის მესაკუთრე აჭარის მთავრობაა და არა ბათუმის მერია. შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულება მთავრობასთან ალბერტ ინწკირველს 2014 წელს გაუფორმებია. ქვემოიჯარედ შპს „ალიკი“ ფიქსირდება.
ამონაწერის მიხედვით, იჯარით გაცემულია 1127 კვ.მეტრი ბათუმის ძველ ბულვარში. საინტერესოა ისიც, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში საიჯარო ხელშეკრულების დასრულების ვადა არ არის დაფიქსირებული.
ფუნქციონირებას აგრძელებს ე.წ. „ახალი გემი“ და მის გვერდით შემინული კაფე. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნაგობის უფლების მქონე პირი აქ შპს „ახალი გემია“. კიდევ ერთი მოიჯარეა შპს „პარკ ბათუმი“ – ამ კომპანიის ასივე პროცენტი თურქეთის მოქალაქის საკუთრებაა. შპს „ახალი გემის“ 100 პროცენტს კი ზურაბ კალანდაძე ფლობს.
რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამ შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულების დასრულების ვადად 2030 წელია მითითებული.

მთელი ზაფხულის განმავლობაში მოქალაქეები ამ კაფედან რუსული სიმღერების მაღალ ხმაზე ჩართვის გამო ბათუმის მერიას და მთავრობას აკრიტიკებდნენ.
ანგრევენ კაფე „ტყუპებსაც“. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქ მოაღნაგედ შპს „დელფინი“ ფიქსირდება, რომლის კრედიტორიც ბანკი „ქართუ“ იყო.
ჯერ არავინ შეხებია რესტორან „გულებს“, ის ანბანის კოშკის მომდებარედ, პლაჟის ნაწილში მდებარეობს, ამ რესტორნის ინფრასტრუქტურა ბათუმში თავიდანვე კრიტიკის საგანი იყო, მოქალაქეები მიიჩნევდნენ, რომ კრამიტით გადახურული ვერანდები, თონე და ოდა პლაჟის ინფრასტრუქტურა არ არის და არც თონის, ხინკლისა და მწვადის ადგილია ბულვარი.
შპს „გულები“ მუსიკოსმა გია დიასამიძემ 2018 წლის იანვარში დააფუძნა.
2020 წლის ამონაწერის მიხედვით, ამ ნაკვეთზე მოიჯარედ შპს „პრიმულა“ ფიქსირდებოდა. ამ კომპანიის 80 პროცენტი გოჩა ოქროპირიძეს ეკუთვნის, ის რუსეთის მოქალაქეა, 20 პროცენტი კი გენადი დიასამიძის საკუთრებაა.
მერიამ არ უპასუხა „ბათუმელების“ კითხვებს იმ ნაკვეთებთან დაკავშირებით, რომლებიც ბულვარში აღნაგობის ხელშეკრულებით ჰქონდა გასხვისებული. საინტერესოა, დასრულდა თუ არა დავა სასამართლოში და თუ დასრულდ, როგორ გადაწყდა კომპენსაციის საკითხი.
თერთმეტივე ნაკვეთი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვასთან ახლოს მდებარეობს. მათ შორისაა „ამბასადორი ბათუმიც“ – ხელშეკრულება მხოლოდ მას გაუგრძელეს.
მოიჯარეებმა ბათუმის მერიას ოფიციალურად მიმართეს და ხელშეკრულებების ვადის გაგრძელება სთხოვეს. „ამბასადორი ბათუმისგან“ განსხვავებით, მერიამ მათ ხელშეკრულებების ვადების გაგრძელების მოთხოვნაზე არ უპასუხა, შემდეგ კი სასამართლოში უჩივლა.
მთლიანობაში საქმე ეხებოდა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 11 მიწის ნაკვეთს, რომლებიც 2005 წელს ბათუმის მერიამ კონკურსის წესით, იჯარით გაასხვისა.
2010-2011 წლებში [ეტაპობრივად და ინდივიდუალურად] მერიამ ამ პირებთან ხელშეკრულებები შეცვალა და რადგან უკვე ამ ტერიტორიებზე შენობებიც იდგა, მათ აღნაგობის ხელშეკრულებები გაუფორმა. ცვლილებით ასევე დაწესდა აღნაგობის საზღაური.
ამ ხელშეკრულებებს ვადა 2015 წელს გაუვიდა, რის შემდეგაც მოაღნაგეები მერიისგან ვადის გაგრძელებას ითხოვდნენ. მერიამ ეს მიზანშეწონილად არ მიიჩნია და 2016 წლის 6 იანვრის ბრძანებით, მოაღნაგეებთან დადებული ხელშეკრულებები შეწყვიტა.
შემდეგ საქმეში ჩაერთო ბათუმის ბულვარი, რადგან 2017 წლიდან ქონება უზუფრუქტის წესით ბულვარს გადასცეს იმ პირობით, რომ პირდაპირი წესით გაეფორმებინა ხელშეკრულებები ყოფილ მოაღნაგეებთან, იმავე ფასებში ვადით.
2018 წლის ბოლოს ბათუმის მერიამ მესაკუთრეებს წერილობით აცნობა, რომ მათი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და ისინი არამართლზომიერად აგრძელებდნენ ქონებით სარგებლობას. წერილებთან ერთად მოაღნაგეებს აშენებული შენობების საფასურიც გამოუთვალეს და არამართლზომიერი მფლობელობის დროს გადაუხდელი აღნაგობის თანხის შენობის საფასურში გაქვითვა შესთავაზეს.
აღნაგობის ხელშეკრულება, რომელშიც მათ მერიამ მიწის ნაკვეთების სარგებლობის პირობები გაუწერა, ამავე ქონებების უკან დაბრუნებისას შენობების გამოსყიდვას ითვალისწინებდა – მერია შენობების ღირებულების ორი მესამედის გადახდის ვალდებულებას იღებდა.
მესაკუთრეები ამ შეთავაზებას არ დათანხმდნენ. რადგან უწყებამ გადასახდელი აღნაგობის საფასური [2015 წლიდან დღემდე] საბაზრო ფასით, ხოლო მათ მიერ აშენებული შენობები არასაბაზრო ფასით, როგორც თვითონ ამბობდნენ „ფაქტობრივად კაპიკებად“ შეაფასა.
2018 წლის დეკემბერში ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ მოაღნაგეებს აღნაგობის თანხის გადაუხდელობა ოფიციალურად, წერილობით შეახსენა. ამ წერილებში დაანგარიშებული აღნაგობის საფასური და პირგასამტეხლოც ფიქსირდებოდა. განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს განსახილველად გადაუგზავნა, ირკვეოდა, რომ მერია მოაღნაგეებთან ურთიერთობის გაგრძელებას აღარ აპირებდა, ამიტომაც სასამართლოში შეეცადა იმის გარკვევას, ამ საქმიდან ვის რამდენი ერგებოდა.
პროცესი გაჭიანურდა, მოსამართლემ მხარეებს მორიგების ვადა მისცა, რის შემდეგაც მოაღნაგეებს ხელშეკრულებები 2020 წლის ოქტომბრამდე გაუგრძელეს.
შემდეგ… მოაღნაგეებმა მერიას 15-წლიანი ხელშეკრულებების გაფორმება მოსთხოვეს, 7 წლით გაგრძელების მოთხოვნის უფლებით, ანუ ზუსტად იმ პირობას ითხოვდნენ, „რაც ამბასადორს მისცეს“.
მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ნაკვეთი აღნაგობის უფლებით, 15-წლიანი იჯარით, შემდგომში კიდევ შვიდი წლით გაგრძელების მოთხოვნის უფლებით და ინვესტიციის განხორციელების პირობით – ამ ყველაფრის სანაცვლოდ „ამბასადორმა“ აიღო ვალდებულება, რომ 22 წლის შემდეგ შენობას მერიას უსასყიდლოდ დაუთმობს [საუბარია ამბასადორის კაფეზე და არა სასტუმროზე].