კომპანიების 88% ხელოვნურ ინტელექტს რეგულარულად იყენებს და მასში დიდ ინვესტიციას დებს. თუმცა, ლიდერები მაინც იმედგაცრუებულნი არიან, რადგან დანერგვა ფერხდება, ეფექტურობის ზრდა ჩერდება, თანამშრომლები კი ახალ ინსტრუმენტებს ზედაპირულად იყენებენ. კვლევა აჩვენებს, რომ ეს არ არის შესრულების შემთხვევითი ჩავარდნა. ეს არის პროგნოზირებადი ფსიქოლოგიური რეაქცია იმაზე, თუ რას ნიშნავს AI ადამიანების სამსახურისთვის, იდენტობისა და მომავლისთვის.

Fractional Insights-მა და Ferrazzi Greenlight-მა აშშ-სა და ევროპაში მასშტაბური კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 3000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. შედეგები საგანგაშოა – თანამშრომლების 80%-ს აქვს ძლიერი შფოთვა AI-სთან დაკავშირებით. 65% წუხს, რომ მათ ჩაანაცვლებს ის, ვინც AI-ს უკეთ იყენებს, 61% ფიქრობს, რომ AI მათ უნიკალურ ღირებულებას დააკნინებს, 44% კი თვლის, რომ ტექნოლოგია მათ უნარებს აუარესებს.

ყველაზე საინტერესო მიგნება რწმენისა და შფოთვის პარადოქსია. თანამშრომლების 40%-ს მტკიცედ სჯერა AI-ს ბიზნეს-ღირებულების, მაგრამ ამავდროულად ეშინია საკუთარი მომავლის.

ინდუსტრიების მიხედვით, სურათი განსხვავებულია. ფინანსებსა და ტექნოლოგიებში დასაქმებულებს ყველაზე მაღალი ოპტიმიზმი აქვთ, მაგრამ ასევე ყველაზე მაღალი შფოთვა საშუალოდ 48%-ით მაღალი, ვიდრე წარმოებასა და განათლებაში. მათ ესმით AI-ს ძალა, მაგრამ სწორედ ეს სიახლოვე ხდის რისკს პერსონალურს. ჯანდაცვაში შფოთვა ნაკლებია, რადგან აქ AI აღიქმება დამხმარე ძალად და არა შემცვლელად. პროფესიულ სერვისებში კი AI პირდაპირ ემუქრება ექსპერტიზას, რაც სკეპტიციზმსა და თავდაცვით ქცევას იწვევს.

რატომ ზრდის შფოთვა გამოყენებას, მაგრამ ამცირებს შედეგს?

კვლევის ერთ-ერთი ყველაზე კონტრინტუიციური აღმოჩენაა ის, რომ AI-შფოთვა ხშირად ზრდის გამოყენების მაჩვენებელს. ადამიანები მაღალი შფოთვით საშუალოდ სამუშაოს 65%-ში იყენებენ AI-ს (შედარებისთვის: დაბალი შფოთვის მქონეები – 42%-ში). თუმცა, მათი რეზისტენტობა ორჯერ მაღალია.

სამსახურის დაკარგვის შიშმა შეიძლება აიძულოს ადამიანი, გამოიყენოს ტექნოლოგია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რეალურ ჩართულობას. ზედაპირულად დანერგვა წარმატებულად ჩანს, მაგრამ რეალურად ეს არის თავდაცვითი ქცევა და არა ინოვაცია. ასეთი „შესრულება“ კი გრძელვადიან შედეგს ვერ მოიტანს.

მონაცემების ანალიზით გამოვყავით თანამშრომლების ოთხი ჯგუფი:

ვიზიონერები (40%): სჯერათ AI-ს ღირებულების და არ ეშინიათ. აქციეთ ისინი მენტორებად, მაგრამ აკონტროლეთ მათი გადაჭარბებული თავდაჯერებულობა.

დისრაპტორები (30%): ესმით AI-ს ძალა, მაგრამ ეშინიათ საკუთარი თავის. მათი გამოყენება შიშით არის განპირობებული. იყავით რადიკალურად გამჭვირვალეები. შექმენით უსაფრთხო გარემო ექსპერიმენტებისთვის, სადაც მარცხი კარიერას არ ემუქრება.

საფრთხეში მყოფები (20%): არ სჯერათ AI-ს და ეშინიათ მისი. დაიწყეთ ემპათიით. აჩვენეთ მცირე, უსაფრთხო გამარჯვებები, რათა გაუჩინოთ ნდობა.

თვითკმაყოფილები (10%): არც ეშინიათ და არც სჯერათ. მათთვის AI აბსტრაქტულია. აჩვენეთ, რა დევს სასწორზე პირადად მათთვის.

რა უნდა შეცვალონ ლიდერებმა?

როცა შედეგი არ ჩანს, ლიდერები ხშირად ტრადიციულ მეთოდებს მიმართავენ, მაგრამ ეს არ მუშაობს. გაიაზრეთ, თქვენს სფეროში AI აღიქმება შესაძლებლობად თუ საფრთხედ, სანამ ინსტრუმენტს დანერგავთ. მაღალი გამოყენება შეიძლება შიშით იყოს გამოწვეული. დააკვირდით არა მხოლოდ აქტივობას, არამედ ფსიქოლოგიურ განწყობას. სანამ ადამიანები თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობენ, მასშტაბირება მხოლოდ ზედაპირულ გამოყენებას გაზრდის.

წარმატებული ორგანიზაციები იმით განსხვავდებიან, რომ მათ ესმით ადამიანური ფაქტორი. როცა ლიდერები აღიარებენ რისკებს და აჩვენებენ თანამშრომლებს მათ ადგილს მომავალში, AI ხდება არა ის, რასაც თავს ახვევენ, არამედ ის, რასაც ერთად ქმნიან.

წყარო: HBR,  www.marketer.ge