იყო დრო, როცა სოციალური მედია კრეატიული პროფესიონალებისთვის ერთგვარი საჩუქარივით გამოიყურებოდა – უფასო პორტფოლიო, გლობალური ვიტრინა, საიდანაც თქვენ შესახებ ყველა შეიტყობდა; სივრცე, სადაც ნამუშევარი აუდიტორიას აუცილებლად პოულობდა, შუამავლების გარეშე…

დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ეს ეტაპი დასრულებულია. კრეატიულ საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიები ცხადყოფს, რომ რაღაც ფუნდამენტურად შეიცვალა. ერთ საკითხზე თითქმის ყველა თანხმდება – ძველი „შეთანხმება“ სოციალურ მედიასა და კრეატივინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის აღარ მუშაობს.

რიცხვები და ალგორითმები

დღეს „წარმატებული“ პოსტიც კი ხშირად მხოლოდ გამომწერთა დაახლოებით 10%-ს აღწევს. ეს აჩენს კითხვას: თუ აუდიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილი ხედავს კონტენტს, მაშინ რას ნიშნავს „სოციალური“ მედია?

დიზაინის სფეროში განსაკუთრებით იგრძნობა ეს ცვლილება. პლატფორმები, რომლებიც ადრე ორგანულ გავრცელებას უწყობდა ხელს, ახლა რეკლამაზე ორიენტირებული ალგორითმებით იმართება. მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი ხშირად რეკლამებს შორის სივრცის შევსებად აღიქმება.

დაღლა მუდმივად „ონლაინ” ყოფნისგან

პრობლემა მხოლოდ ალგორითმებში არ არის. გაიზარდა მოლოდინი, რომ კრეატიული პროფესიონალები ერთდროულად უნდა იყვნენ: შემოქმედები, კონტენტკრეატორები, აუდიტორიის მშენებლები, ალგორითმის „მკითხველები და ა.შ.

როდესაც სამუშაო დღე სავსეა მესიჯებით, ზარებითა და ონლაინკომუნიკაციით, საღამოს სოციალური მედიისთვის დამატებითი ენერგიის პოვნა ბევრისთვის დამღლელია. ის, რაც ოდესღაც შთაგონების წყარო იყო, ახლა ვალდებულებად იქცა.

სოციალური მედია ბევრისთვის აუცილებლობად იქცა. პროფესიონალებს სურთ იყვნენ აქტუალურნი და ჩართულნი, მაგრამ ამავე დროს უჭირთ პლატფორმების ყოველდღიურ რეჟიმში ინტეგრირება.

მიუხედავად ამისა, გამოცდილება აჩვენებს, რომ სოციალური მედია იშვიათად ანაცვლებს: პირად ვებსაიტებს, ბლოგებს და რეალურ, პირად ურთიერთობებს.

ბევრი პროფესიონალი აღნიშნავს, რომ რეალური კლიენტები უფრო ხშირად მოდიან რეკომენდაციითა და პირდაპირი კონტაქტით, ვიდრე პოსტების მასობრივი გავრცელებით.

ადაპტაცია და საკუთარი წესები

ყველა არ თვლის, რომ სოციალური მედია „მკვდარია“. ზოგი კრეატორი მას იყენებს, როგორც:

  • პორტფოლიოს
  • არსებული კავშირების გამაძლიერებელ ინსტრუმენტს
  • პროფესიული ხილვადობის სტაბილურ არხს

ამ მიდგომაში მთავარი აქცენტი კეთდება ხარისხზე და არა რაოდენობაზე. პლატფორმა არ ქმნის კავშირს ნულიდან, ის ამყარებს უკვე არსებულ ურთიერთობებს.

სოციალური მედია დღეს ნაკლებად არის სივრცე „ვირტუალური პოპულარობისთვის“. უფრო მეტად, ის პოზიციონირების კარგი ინსტრუმენტია.

სრული გამოთიშვა

გაგიკვირდებათ და, ზოგისთვის საუკეთესო გამოსავალი სოციალური მედიის დატოვებაა. გამოთავისუფლებული დრო და ენერგია იხარჯება: პირად ურთიერთობებზე, კრეატიულ პრაქტიკაზე, კითხვაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, რეალურ გამოცდილებებზე…

სოციალური მედიის შეგნებული გამოყენება მოითხოვს დისციპლინას – წინააღმდეგ შემთხვევაში ის ადვილად გადაიქცევა უსასრულო სქროლვად.

რა შეიძლება ამ უახლესი მოსაზრებებიდან დავასკვნათ?

სოციალური მედია არსად მიდის. თუმცა შეიცვალა „შეთანხმება“:

ძველი მოდელი იყო: გამოაქვეყნე ნამუშევარი → იპოვე აუდიტორია → გახდი პოპულარული.

დღეს ალგორითმები ოპტიმიზებულია რეკლამისთვის და არა კრეატიული პროფესიონალებისთვის. ბევრი კრეატორი ამცირებს პლატფორმების რაოდენობას და ირჩევს მხოლოდ ერთს ან ორს, სადაც ხედავს რეალურ ღირებულებას.

საბოლოოდ, სოციალური მედია შეიძლება აღარ იყოს ის, რაც ოდესღაც მიიჩნდეოდა. თუმცა ის მაინც რჩება ინსტრუმენტად, რომლის ღირებულებაც დამოკიდებულია გამოყენების სტრატეგიაზე.

კრეატივებისთვის მთავარი გამოწვევა დღეს არის არა ალგორითმის დამარცხება, არამედ საკუთარი ენერგიის, დროისა და ფოკუსის დაცვა.

www.marketer.ge