საქართველოს უნივერსიტეტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების საპასუხოდ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობაზე თანახმაა. ამის შესახებ „კომერსანტს“ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
საქართველოს უნივერსიტეტისთვის გაუგებარია, რატომ აქვს არასწორი ინფორმაცია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.
„გავეცანით პრემიერის განცხადებას საქართველოს უნივერსიტეტთან დაკავშირებით და გვინდა განვაცხადოთ, რომ მას, როგორც ჩანს არასწორი ინფორმაცია აქვს.
ჩვენი პოზიცია იგივეა, რაც იყო წინა კვირას, არაფერი შეცვლილა. რა მოლაპარაკებაც არის კერძო უნივერსიტეტებსა და სამინისტროს შორის, ჩვენ ამ მოლაპარაკებაში ვმონაწილეობთ. არსებულ მოცემულობას ვიღებთ და ვთანხმდებით, ჩართული ვართ პროცესში“, - განაცხადეს „საქართველოს უნივერსიტეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
„კომერსანტი“ პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე კომენტარისთვის თავისუფალი უნივერისტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ გასულ კვირაში გავრცელებული განცხადებით უნივერსიტეტმა პოზიცია უკვე დააფიქსირა და ის განათლების სამინისტროსთან მოლაპარაკებაზე უარს ამბობს.