„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ იანვარში „ნაპოლის“ გარემარბთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან შეთანხმებას მოახერხებს, თავდამსხმელზე დაკვირვებას „ლივერპულიც“ განაგრძობს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველმა თავდამსხმელმა იანვარში „ნაპოლი“ დატოვოს, – ამის შესახებ გამოცემა TEAMtalk-ი წერს.
„კვარაცხელია „ნაპოლის“ საკვანძო მოთამაშეა, მაგრამ ამავე დროს, პრემიერლიგის წამყვანი კლუბების მნიშვნელოვან ინტერესს იწვევს. „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ნაპოლის“ შორის მოლაპარაკებების მთავარი თემა მარკუს რაშფორდის ტრანსფერი იყო, ამასთანავე, მოიცავდა კითხვებს ქართველი გარემარბის შესახებ, რომელიც მანჩესტერელთა სატრანსფერო სიაში რაშფორდის სავარაუდო შემცვლელად მოიაზრება.
თუმცა, ეს ტრანსფერი იანვარში გამორიცხულია და, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა ხვიჩამ იტალია დატოვოს. კვარაცხელია პრიორიტეტს „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას ანიჭებს და კლუბი მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ცდილობს. თუ უახლოეს თვეებში შეთანხმება ვერ მოხერხდა, ზაფხულისთვის კვარაცხელია სხვა ვარიანტების განსახილველად მზად იქნება.
„იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას გუნდის გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს და კვარაცხელიას ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება, თუ ტრანსფერი ახლა არ განხორციელდა, მანჩესტერელები არ არიან დარწმუნებულნი, რომ ივნისში ამ საკითხს კვლავ მიუბრუნდებიან.
კვარაცხელიას შეძენის სურვილი „ლივერპულსაც“ აქვს – მერსისაიდელები გასული წლის აგვისტოს შემდეგ ადევნებენ თვალს ქართველი ფეხბურთელის ირგვლივ შექმნილ ვითარებას.
იანვარში კვარაცხელიას ტრანსფერის შანსებს, სავარაუდოდ, მუხლის ტრავმაც ამცირებს. „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ დაადასტურა, რომ „კვარა“ ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოჯანმრთელებული, რის გამოც „ფიორენტინასთან“ მატჩი გამოტოვა. თუმცა, კონტეს თქმით, კვარაცხელიას პრობლემა უფრო კუნთების გადაღლილობას უკავშირდება და სერიოზული არაფერია, რაც კარგი ამბავია“, – წერს TEAMtalk-ი.