კომპანია Gtex-ის დამფუძნებლის გიორგი ბასილაძის განცხადებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ობიექტების გაყიდვები 25%-მდე შემცირდა.
როგორც ის „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, აღნიშნულის მიზეზი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია.
"შემცირებულია მომხმარებლების ნაკადი და არც კარგი მოლოდინები გვაქვს. განსაკუთრებულ რეჟიმზე ვართ გადასულები. ვფიქრობთ, რომ ძალიან რთული პირველი კვარტალი გველოდება. ბაზარზე არსებული ბრენდები შეშფოთებას გამოთქვამენ მიმდინარე პროცესებზე. ბაზრიდან გასვლაზე ჯერჯერობით საუბარი არ გვქონია არც ერთ ბრენდთან, თუმცა ქამრები შემოვიჭირეთ უკვე და მომდევნო პერიოდი შემცირებული ბიუჯეტით გადაიგეგმა", - აცხადებს გიორგი ბასილაძე.
გარდა ამისა, კომპანია Gtex-ი ქართულ ბაზარზე, რამდენიმე ახალი ევროპული ტანსაცმლის ბრენდის შემოყვანას გეგმავდა, თუმცა როგორც გიორგი ბასილაძე აცხადებს ამ ეტაპზე ყველა პროექტი დაპაუზდა.
ცნობისთვის, კომპანია Gtex-ი საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. პირველი ბრენდი, რომელიც კომპანიამ საქართველოში შემოიყვანა Collezione იყო. ამჟამად, Gtex-ი წარმოდგენილია ბრენდებით: OVS, Terranova, Penti, English Home, Enza Home, Mattalan-ი. კომპანიას საქართველოს მასშტაბით 30-ზე მეტი ობიექტი აქვს.