გამჭვირვალობის ეტიკეთით შეფუთულმა ე.წ რუსულმა კანონმა არა მხოლოდ ქვეყნის ევროპულ მომავალს შეუქმნა საფრთხე, არამედ ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) ქვეყნის სტატუსის შეჩერებაც გამოიწვია. OGP-ის პროექტები სწორედ გამჭვირვალობასა და საჯარო ინფორმაციის თავისუფლებას უზრუნველყოფდა.

16 ოქტომბერს საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) წევრობა შეუჩერდა. საქართველო მზარდი კრიტიკის წინაშე ბოლო საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ დადგა, რა დროსაც ქვეყნის პარლამენტმა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ (2024 წლის ივნისი) მიიღო, რომელიც საერთაშორისო ორგანოების მტკიცებით ძირს უთხრის სამოქალაქო სივრცეს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

განცხადება რომელიც OGP-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ვკითხულობთ: “ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამეთვალყურეო კომიტეტმა ოფიციალურად შეაჩერა საქართველოს მთავრობას პარტნიორობის უფლებამოსილება საკანონმდებლო ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირს უთხრის სამოქალაქო თავისუფლებებსა და ძირითად უფლებებს”.

საქართველოს წევრობის შეჩერებას წინ უძღვოდა OGP-ის მიერ 6 მაისს გამოქვეყნებული გაფრთხილება, რომელიც მიმდინარე წელს “ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მეორედ ინიცირებას მოყვა. ღია მმართველობის პარტნიორობამ საქართველოს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდა. შეფასებაში წერია, რომ კანონი ემსახურება დისკრიმინაციას, სტიგმატიზაციას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებისა და მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას. განცხადება ასევე მოიცავდა რიგ რეკომენდაციებს. საქართველოს მთავრობას 30 დღიანი ვადა მიეცა რეკომენდაციის შესრულების სამუშაო გეგმის მომზადებისთვის (2024 წლის 6 ივნისამდე), ხოლო მათ განსახორციელებელ ვადად 6 თვე განესაზღვრა (2024 წლის 6 ნოემბრამდე).

OGP-ი ჯერ კიდევ მაისსში აფრთხილებდა საქართველოს, რომ

ხელისუფლების ქმედებას მკაცრად ეწინააღმდეგება მის ღირებულებებსა და პრინციპებს, თუმცა საქართველოს მხრიდან OGP-ის შეშფოთების საპასუხოდ გაცემული რეკომენდაციების შესრულება არ მომხდარა. შესაბამისად, წევრობის შეჩერება OGP-ის რეაგირების პოლიტიკის მეორე ფაზის ფარგლებში მოხდა, რადგან საქართველომ არ დაიცვა პირველადი ვადა (6 ივნისი) და არ წარდგინა სამუშაო გეგმა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მოითხოვა ვადის გახანგრძლივება, განვითარებული მოვლენებისა და OGP-ის რეკომენდაციების დაგვიანებული შესრულების გათვალისწინებით, მმართველმა კომიტეტმა დაასკვნა, რომ თავდაპირველი 6 ნოემბრის ვადის დაცვა შეუძლებელი იყო. შედეგად, კომიტეტმა გადაწყვიტა გაეგრძელებინა ქმედებები მეორე ეტაპისთვის, რომელიც გულისხმობს საქართველოს OGP წევრობის შეჩერებას იმ დრომდე, სანამ რეკომენდაციები არ იქნება შესრულებული.

OGP-ში აქტიური სტატუსის აღსადგენად საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს რეკომენდაციები, რომელიც წინ უძღოდა წევრობის შეჩერებას. მომდევნო 6 თვის განმავლობაში საქართველომ უნდა წარადგინოს სამოქმედო გეგმა, რომელშიც მკაფიოდ იქნება გაწერილი 2025 წლის 31 დეკემბრისთვის სამოქმედო გეგმის განხორციელების ეტაპები. 2026 წლის დასაწყისში მმართველი კომიტეტი შეაფასებს ქვეყნის განხორციელებულ ქმედებებს და მიიღებს გადაწყვეტილებას აღადგინოს თუ არა საქართველოს წევრობის სტატუსი თუ მოხდეს წევრობის მუდმივი შეჩერება.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც საქართველო მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია/პარტნიორთან წყვეტს თანამშრომლობას. ქვეყანა 2023 წლიდან ოფიცილურად აღარ თანამშრომლობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD/ACN) ანტიკორუფციული ქსელთან. 20 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ პირველად განაცხადა უარი OECD/ACN-ის მონიტორინგში მონაწილეობაზე.

რა არის OGP-ი?

„ღია მმართველობის პარტნიორობას“, საფუძველი 2011 წელს აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტთა ინიციატივით ჩაეყარა, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით პასუხისმგებლობა აეღოთ მთავრობების საქმიანობის ღიაობაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და სამოქალაქო ჩართულობის ამაღლებაზე.

დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ 77 ქვეყანა მონაწილეობს ცენტრალური ხელისუფლებების დონეზე, მათ შორის 2011 წლიდან – საქართველოც. OGP-ის წევრი ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, ხელი შეუწყონ გამჭვირვალობას, სამოქალაქო უფლებების გაზრდას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მმართველობის პროცესში. საქართველო, 2017-2018 წლებში, OGP-ის თავჯდომარე ქვეყანასაც წარმოადგენდა.

ორ წელიწადში ერთხელ წევრი ქვეყნები ვალდებულები არიან, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით მომზადებული სამოქმედო გეგმა, რომელშიც მთავრობის კონკრეტული ვალდებულებებია გაწერილი, OGP-ის წარუდგინონ.

რატომ არის მნიშვნელოვანი

OGP-ის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს საჯარო სექტორში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას მოქალაქეებისთვის.

სწორედ რომ OGP-ისთან პარტნიორობის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ინოვაციური ანალიტიკური ვებპლატფორმა ბიუჯეტის მონიტორი დანერგა. აღნიშნული პლატფორმის დახმარებით, მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ საჯარო ფინანსების მონიტორინგის პროცესში.

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემების შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც სწორედ OGP-ის მეშვეობით 2017 წელს ამოქმედდა. თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი აუცილებელი მექანიზმია ქვეყანაში ელიტური კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

OGP-ის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიქმნა ასევე:

  • მოქალაქის პორტალი My.gov.ge, რომელიც უმარტვებს მოქალქეებს სახელმწიფო სერვისებზე წვდომას;
  • ასევე Data.gov.ge, სადაც ატვირტულია საჯარო მონაცემებები და სხვაფასხვა საჯრო უწყევი მეტა-მონაცემები; 
  • შეიქმნა საინფორმაცია პორტალი Sdg.gov.ge , მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ;
  • ელექტრონული პეტიციების პორტალი ichange.gov.ge, რომლის მიზანიცაა გაიზარდოს მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • საქართველოს ღია მმართველობის ოფიცილური ვებ- გვერდი, http://www.ogp.gov.ge/, რომელზეც მოქალაქეს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს გაწევრიანებიდან დღემდე მიმდინარე რეფორმების შესახებ; ვებ- გვერდი USAID/GGI-ის („დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“) მხარდაჭერით შეიქმნა.

ჩამონათვალი არ მოიცავს პროექტების სრულ სიას, რომელიც სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელდა. ასევე მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ჩართულობის მიმართულებითაც.

გამჭვირვალობა: OGP-ის vs ქართული ოცნების სტანდარტი

2011 წლიდან დღემდე საქართველომ OGP-ში 5 სამოქმედო გეგმა წარადგინა. OGP-ის წევრობის შეჩერებამდე, საქართველო უმოქმედო ქვეყნის სტატუსის მინიჭების რისკის ქვეშ იდგა, რადგან მთავრობამ გამოტოვა OGP-ის სამოქმედო გეგმების შემუშავების ორი ციკლი 2021 და 2022 წელს, რა დროსაც დაარღვია ღია მმართველობის დეკლარაციით გათვალისწინებული პრინციპები. 

2024-2025 წლის სამოქმედო გეგმა საქართველომ 2023 წლის დეკემბერში დაამტკიცდა. გეგმა მთავრობის მიერ აღებულ 10 ვალდებულებას მოიცავს. 2024-2025 წლის საქართველოს სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესი შეფერხებებით წარიმართა. გამოირიცხა ან შემცირდა სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი ბევრი წინადადება. შედეგად, OGP-იმ ის შეაფასა, როგორც “ნაკლებად ამბიციური”.

საჯარო ინფომაციაზე ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობის ხარისხის, საზოგადოების წინაშე სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებული მექანიზმებისა და ჩართულობის შესაძლებლობების გაზრდა სამოქმედო გეგმის ძირითად მიზნებად განისაზღვრა.

სამოქმედო გეგმის პირველი მიზანი საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობასა და პროაქტიულად გამოქვეყნებას გულისხმობს. აღნიშნული ვალდებულებით გაწერილია საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ინფორმაციის ელეტრონული ფორმით მოთხოვნის ზრდას ემსახურება, ასევე ავალდებულებს საჯარო დაწესებულებს ინფორმაციის გამოქვეყნებას, როგორიც არის მთავრობის სხდომების ოქმები, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგები, მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან დაფინანსებული შესყიდვები, სასამართლო გადაწყვეტილებები და სხვა.

თუმცა გეგმის განხორციელების მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა. საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა წლიდან წლამდე უარესდება. სახელმწიფო უწყებები ხშირ შემთხვევაში არ გასცემენ ინფორმაციას და მეტიც, კანონით დადგენილ შემთხვევებშიც პროქატიულადაც არ აქვეყნებენ. ამას მოწმობს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომის ბოლო სტატისტიკის მონაცემები. საქართველოს მთავრობა აგრეთვე უპასუხოდ ტოვებს და არ ასაჯაროვებს მთავრობის განკარგულებებს. ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი საქართველოს მთავრობის 2021-2023 წლების განკარგულებები.

საჯარო ინფორმაციის “გაუცემლობის” ფაქტების წინაშე, ფლანგვის დეტექტორი არა ერთხელ დადგა. მიმდინარე წლის სექტემბერში 50 მუნიციპალიტეტში გაგზავნილი წერილიდან მხოლოდ 15-მა გვიპასუხა, რა დროსაც ზოგიერთ შემთხვევებში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ იყო სრულად მოწოდებული.

ის ფაქტი, რომ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უარესდება სუსტი კანონმდებლობით არის განპირობებული. ამ დრომდე არ არის მიღებული ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი, რომელიც დაამკვიდრებს სახელმწიფო უწყების ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს შეუჩერდა წევრობა OGP-ში, საზოგადოებას ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომაც შეეზღუდა. როგორც ზევით აღვნიშნეთ, ქონებრივი დეკლარაციები ის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც OGP-ისთან პარტნიორების ფარგლებში შეიქმნა.

ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი და მათი პროაქტიულად გამოქვეყნება ანტიკორუფციული ბიუროს პრეროგატივაა. 2024 წლის დეკემბრიდან ბიუროს ვებ გვერდს ავტორიზაციის ფუნქცია დაემატა. მოქალაქეებს არ შეუძლიათ ავტორიზაციის გავლა, რითაც თანამდებობის პირების დეკლარაციაზე წვდომა შეეზღუდათ. აღნიშნული ფაქტი საყურადღებოა, რადგან საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო აუარესებს. 

წყარო: flangva.ge