ნიუ-იორკში ავტომობილებისთვის საცობის გადასახადი ამოქმედდა, რომელიც აშშ-ში პირველია.

ამის შესახებ Metropolitan Transit Authority-ის (MTA) აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯანო ლიბერმა განაცხადა, რასაც BBC ავრცელებს.

მძღოლების უმეტესობა საცობის ზონაში შესვლისთვის დღეში ერთხელ 9 დოლარს პიკის საათის დროს, ხოლო სხვა დროს 2,25 დოლარს გადაიხდიან. სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის განსხვავებული ტარიფები იმოქმედებს. კერძოდ, მცირე სატვირთო მანქანები და არასამგზავრო ავტობუსები მანჰეტენზე პიკის საათის დროს შესვლისას დღეში 14,40 დოლარს, ხოლო უფრო დიდი სატვირთო მანქანები და ტურისტული ავტობუსები 21,60 დოლარს გადაიხდიან.

საცობის ზონა ცენტრალური პარკის სამხრეთით მდებარე ტერიტორიას, მათ შორის, ისეთ ცნობილ ადგილებს მოიცავს, როგორიც არის Empire State Building, Times Square და ფინანსური უბანი Wall Street-ის გარშემო.

მოძრაობის ოთხასი ზოლი 110-ზე მეტი აღმოჩენის წერტილის მქონე 1,400-ზე მეტი კამერითა და 800-ზე მეტი ნიშნით აღიჭურვა.

არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მათ შორისაა, ვინც სქემას ეწინააღმდეგება, თუმცა ჯანო ლიბერი დარწმუნებულია, რომ მთავრობასთან გაფორმებული ეს შეთანხმება “ადმინისტრაციის ცვლილებას გაუძლებს.”

სქემის მიზანი ნიუ-იორკის ცნობილი საგზაო პრობლემების შემსუბუქება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელისთვის მილიარდობით დოლარის შეგროვებაა.

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორ ქეთი ჰოჩულმა საცობის გადასახადის სქემა ჯერ კიდევ 2 წლის წარადგინა, თუმცა ის გადაიდო, ხოლო ზოგიერთი მგზავრისა და ბიზნესის საჩივრების შემდეგ გადაიხედა კიდეც.

ცნობისთვის: საგზაო მოძრაობის მონაცემთა ანაზილიზის კომპანია INRIX-ის თანახმად, გასულ წელს ნიუ-იორკი მსოფლიოს ყველაზე გადატვირთულ ქალაქად ზედიზედ მეორედ დასახელდა. კერძოდ, გასული წლის პირველ კვარტალში მანჰეტენის ცენტრში დილის პიკის საათებში მანქანები მხოლოდ 17 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდნენ.

www.bpn.ge