საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურში უკრაინის ნაკრებს უმასპინძლა და მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა – 0:0.

ვილი სანიოლის წასვლის შემდეგ რამაზ სვანაძემ გუნდი მოედანზე მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად გაიყვანა. ის შემადგენლობაში მკვეთრ ცვლილებებს მოერიდა და ამ ფორმაციის გუნდისთვის უფრო ლოგიკური 3-5-2 განლაგება აირჩია, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე და წიტაიშვილი კი ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები „ჯვაროსნების“ შეჩერებას ხისტი თამაშით ცდილობდნენ, საქართელოს ნაკრები უპირატესობას მაინც დაეუფლა და არაერთი მწვავე მომენტი შექმნა.

მე-15 წუთზე ხვიჩამ საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა და კარს ბურთი სანტიმეტრებით ააცილა. ყველაზე დიდი საფრთხე 20 წუთზე შეიქმნა: ჩაკვეტაძის შესანიშნავი დარტყმის შემდეგ ტრუბინმა ბურთი „ცხრიანიდან“ მოხსნა და გუნდი გოლისგან იხსნა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, უფრო მეტს საქართველოს ნაკრები უტევდა, მაგრამ გოლი არ ჩანდა. მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეტევის ხაზი მნიშვნელოვნად შეცვალა – მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი გაიყვანა და თამაშში ჩართო კვერნაძე, დავითაშვილი და მექვაბიშვილი. გოლი არც ამის შემდეგ გასულა.

0:0 – საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ამ გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა.
მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 2 ოქტომბერს უნგრეთის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.