ზამთრის კურორტებს პოლიტიკური ვნებათაღელვა არ შეხებია, რადგანაც სასტუმროების ნაწილი ძალიან დიდი ხნის წინ იჯავშნება, - აცხადებს ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი, რომელიც ამ დროისათვის გუდაურში სასტუმრო „Gudauri Roshe“-ს მართავს.
როგორც ჰოტელიერი ამბობს, ზამთრის კურორტებზე სეზონურობის გამო სასტუმროები ბევრ რამეზე არიან დამოკიდებული და ამიტომ ძირითადად უკან დაუბრუნებელი გაყიდვების სისტემით მუშაობენ.
„დეკემბრის დასაწყისში იყო კითხვები, თუ რამდენად უსაფრთხო იყო და ჩვენ თუ უზრუნველყოფდით მათ გუდაურში აყვანას, ანუ თუ უზრუნველყოფდით ტრანსფერს. გაუქმებები არ ყოფილა და იმ სასტუმროებში, რომლებმაც იციან ზამთრის კურორტზე მუშაობა გაუქმებები ფიზიკურად ვერც დადგება. რადგანაც სეზონურია და მაინც ზამთრის პერიოდზე ვართ დამოკიდებულები, ბევრი რაღაცის გამო ვიზღვევთ თავს და ვმუშაობთ უკან დაუბრუნებელი გაყიდვების სისტემით. ვისაც აღნიშნული სერვისი ჩართული არ ჰქონდა და გაუქმების საშუალება მისცეს, სავარაუდოდ მათ შესაძლოა გაუუქმდათ. თუმცა ასეთი არის ძალიან ცოტა.
ახლა გუდაური არის სავსე. 28-29 დეკემბრიდან გუდაურში ადგილს ძნელად თუ იშოვიდით, რადგანაც ყველაფერი ამოყიდული იყო. მათ შორის „მარკო პოლო“ და „გუდაური ლოჯი“, რომელიც ორივე ერთად 400 ნომრით არიან წარმოდგენილები, „გუდაური ლოფტი“ შემოვიდა ბაზარზე და ადგილები არ აქვთ. ადგილები არც მე მაქვს. ზოგადად ზამთრის სეზონზე 5-დან 25-მდე არის შედარებით კლება. ეს ასეა თითქმის ყოველ წელს და მხოლოდ წელს ასე არ ხდება. ამიტომ ამ პერიოდში განსხვავებული ფასი გვაქვს. თუ ახალი წლის პერიოდში პირობითად რაღაცას ვყიდდი 150 დოლარად, ამ 20 დღის მანძილზე ყველა სასტუმრო აგდებს ფასს. 25-დან გაყიდვები ისევ გაიზრდება. პოლიტიკური მდგომარეობის გამო რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა“, - განმარტავს ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი.
„Gudauri Roshe“, რომელიც 2021 წელს გაიხსნა, ზამთრის ტურისტულ სეზონზე ძირითადად უცხოელ სტუმრებს იღებს.
„99,99% არიან უცხოელები, საიდანაც უმეტესობა, 38%, არის „გალფის“ ქვეყნებიდან. შემდეგ მოდის უკვე ისრაელი და რუსეთი. ისრაელიდან აქტიურად დაიწყო ჯავშნები. გეტყვით, რომ „გალფის“ ქვეყნებიდანაც ბევრი ჯავშანი შემოდის რუსული გვარებით, რომლებიც იქ ცხოვრობენ. დანარჩენი უკვე ნაწილდება, გაგიკვირდებათ და ბრაზილიიდან სამხრეთ აფრიკამდე აბსოლუტურად ყველა ქვეყნიდან გვყავს სტუმარი. ასევე არიან სტუმრები გერმანიიდან, ბელგიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და სხვა. სხვათა შორის „გალფის“ ქვეყნებიდან თუ წინა წლებში მოდიოდნენ 1-2 ღამისთევით, ახლა უკვე მოდიან სასრიალოდ და უფრო ხანგრძლივ ჯავშნებს აკეთებენ, ანუ კულტურა შეიცვალა“, - აცხადებს „Gudauri Roshe“-ის მმართველი.
სასტუმრო „Gudauri Roshe“ ძველ გუდაურში მდებარეობს და სასტუმროსთვის ამ დროისთვის მთავარ გამოწვევას ელექტროენერგიის ხშირი წყვეტა წარმოადგენს. თუმცა მენეჯმენტის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა აღნიშნული პრობლემა სასტუმროს სტუმრებზე არ აისახოს. თუმცა ასეთ დროს ხარჯი იზრდება სასტუმროსთვის, რადგანაც დიზელ გენერატორებით მომსახურება საკმაოდ ძვირი ჯდება.
ბუტიკური ტიპის სასტუმროში 29 ნომერია და მას მთლიანობაში 75 სტუმრის მიღება შეუძლია.
გუდაურში მდებარე სასტუმრო Marco Polo ზამთრის ტურისტულ სეზონზე არსებული ჯავშნებით კმაყოფილია. როგორც კომპანია „გუდაური სქი რესორტის“, სასტუმრო Marco Polo-ს ბიზნესის განვითარების დირექტორმა - მაკო ჩიკოიძემ განაცხადა, Marco Polo-ს მაგალითზე თებერვალი 90%-ით უკვე დაჯავშნილია, ხოლო მარტის თვეში სასტუმრო ნომრების 80%-მდე გაყიდულია.
„უკვე ოქტომბერშივე გვქონდა მთელი ზამთრის თვეები 80%-ით დაჯავშნილი. საკმაოდ კარგი დატვირთულობა გვქონდა უკვე შემოდგომაზე, გაყიდული ნომრების მიმართულებით. დეკემბერიც საკმაოდ მაღალი დატვირთულობით დავხურეთ. ახალი წელი გვქონდა 100%-ით გაყიდული და არც ერთი ნომერი არ იყო თავისუფალი. ახალი წლის პერიოდი იყო ძალიან მაღალი დატვირთულობით. ახლაც, იანვარშიც საკმაოდ მაღალი დატვირთვა გაქვს. თებერვალი ამ დროისათვის დატვირთული გვაქვს 90%-ზე მეტი და მარტის ჯავშნები კი უკვე 80%-მდე გაყიდული“, - განმარტავს მაკო ჩიკოიძე.
მისივე თქმით, Marco Polo-ში ადგილობრივი ტურისტების წილი იანვრის მეორე ნახევრიდან იზრდება.
„ქართველი სტუმრები ძირითადად ძველით ახალი წლის შემდეგ აქტიურდებიან და სწორედ ამ პერიოდიდან იწყებენ გუდაურში სიარულს. ადგილობრივი დამსვენებლები Marco Polo-ში საკმაოდ მრავლად არიან წარმოდგენილები, რადგანაც ვიცით, რომ ისტორიული სასტუმროა და თბილისისთვისაც ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია, რადგანაც გუდაური დაფუძნდა სწორედ სასტუმრო Marco Polo-თი. შესაბამისად, ქართველების ჯავშნები გაქვს ისევ ისე, ანუ საკმაოდ აქტიურად. რაც შეეხება უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს, გუდაურშიც და Marco Polo-შიც ჭარბად არიან ისრაელიდან ჩამოსული სტუმრები და ასევე გალფის ქვეყნებიდან. ძალიან აქტიურად არიან ასევე პოლონელები, ჩეხები, სტუმრები სკანდინავიის ქვეყნებიდან და Marco Polo-ში გვყავს ძალიან ბევრი სტუმარი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან და ასევე ხშირად გვსტუმრობენ კანადიდან და აშშ-დან“, - აღნიშნავს კომპანია „გუდაური სქი რესორტის“, სასტუმრო Marco Polo-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი.
ზამთრის სეზონზე სასტუმრო Marco Polo-ში ძირითადად ინდივიდუალური ჯავშნები შედის, ვიდრე კორპორატიული.
რაც შეხება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გავლენას ზამთრის კურორტებზე ტურისტების რაოდენობაზე, როგორც სასტუმრო Marco Polo-ს წარმომადგენელი ამბობს უცხოელების მხრიდან იყო გარკვეული კითხვები, თუმცა სატანადო და დროული პასუხების შემდეგ მათგან გაუქმებები ნაკლებად იყო.
„ეფექტი ჰქონდა ქართული კორპორატიული ჯავშნების და ღონისძიებები მიმართულებით. უცხოელების მხრიდან იყო კითხვები, თუ რამდენად უსაფრთხოა გარემო და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ჩვენი სასტუმროს მაგალითზე ვერ ვიტყოდი, რომ გაუქმებების ის მაჩვენებელი გვქონდა, რომელმაც რაღაცნაირად ასახვა პოვა, ან შეცვალა სიტუაცია. კითხვები ნამდვილად იყო, თუმცა ჩვენგან იყო ადეკვატური პასუხი, რომ ეს იყო დემოკრატიული პროცესი - პროტესტი. არაფერი არ მოგვიტყუებია. როდესაც დამამშვიდებელ პასუხებს იღებდნენ ჯავშნებიც შევინარჩუნეთ.
ჩვენთან სიტუაცია კარგია, მთავარია ახლა თოვლი მოვიდეს. წელს ხელოვნური გათოვლიანების სისტემები ბევრად უკეთესად მუშაობს. მაგ კუთხითაც ყოველწლიურად წინ მივდივართ და უკეთესი მდგომარეობა გაქვს. უფრო მეტი კილომეტრია გათოვლიანებული და ტურისტებიც კმაყოფილები არიან - სრიალს ახერხებენ“- განაცხადა კომპანია „გუდაური სქი რესორტის“, სასტუმრო Marco Polo-სბიზნესის განვითარების დირექტორმა.
ბაკურიანში მდებარე Crystal Hotel & SPA-ში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მათზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია და სტუმრების რაოდენობის მხრივ საკმაოდ მაღალი დატვირთულობაც აქვთ. როგორც Crystal Hotel & SPA-ს მენეჯერი სიმონ მაღრაძე განმარტავს, ბაკურიანი ტურისტებით სავსეა.
„ძალიან კარგი სეზონი გაქვს და რასაც ზოგადად ბაკურიანში ვუყურებ, ძალიან ბევრი ხალხია. ჩვენს სასტუმროში და აპარტამენტებში დატვირთულობა მაღალია. ამ მომენტისთვის ნომერიც, რომ მოითხოვოთ 10 იანვრამდე თავისუფალი არ გვაქვს. საბაგირო სრული დატვირთვით მუშაობს და სტუმრებიც აქტიურად სრიალებენ. ახალი წლის პერიოდში, ანუ 30 დეკემბრიდან 10 იანვრამდე პერიოდში ყველა ჩვენს ობიექტზე თითქმის 100%-იანი დატვირთვაა. თავისუფალი ნომერი ფაქტობრივად არ გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენთან სტუმრების 50%-ი არის უცხოელი სტუმრები, ხოლო დარჩენილი 50%-ი საქართველოში მაცხოვრებლები“, - განმარტავს Crystal Hotel & SPA-ს მენეჯერი.
Crystal Hotel & SPA, რომელიც 2009 წელს გაიხსნა 171 სასტუმრო ნომრისგან შედგება და ერთდროულად 400-მდე სტუმრის მიღება შეუძლია.
„უცხოელი სტუმრებიდან კი ამ ეტაპისთვის ლიდერობენ სტუმრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან. იანვრის შუა რიცხვებიდან კი არსებული ჯავშნების მიხედვით იზრდება ადგილობრივების წილი და 70/30%-ზეა.
მიმდინარე მოვლენების გამო არანაირი გაუქმებები არ ყოფილა. რა ჯავშნებიც გვქონდა თითქმის იგივე დონეზე დარჩა. რაღაცა გაუქმებები იყო, მაგრამ არა პოლიტიკური მოვლენების გამო“, - ამბობს სიმონ მაღრაძე.
Crystal Hotel & SPA-ს მენეჯერის თქმით, თებერვალში ბაკურიანში ახალგაზრდული ოლიმპადა იმართება.
„ჩვენ ამ ოლიმპიადის მასპინძლები ვართ და ამიტომ თებერვლის ნახევარი მათზე გაქვს გაჩერებული, ხოლო თებერვლის მეორე ნახევარი და მარტში ჩვეულებრივად არის ჯავშნები“, - ამბობს სიმონ მაღრაძე.
შეგახსენებთ, ყველა ასე არ ფიქრობს. ტურიზმის ექსპერტებისა და ტუროპერატორის ნაწილის განმარტებით, ტურიზმის სექტორში კრიზისია და საქართველო ევროპელი ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყნების სიიდან ქრება. მათი მტკიცებით, 2025 წლის სამოგზაურო კალენდარი საქართველოში თითქმის ცარიელია - საქართველო, რომელიც დღითიდღე სცილდება დასავლურ კურსს ევროპელი ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყნების სიიდან ქრება. ტურიზმის სექტორს საახალწლო სეზონი ფაქტობრივად ჩაუვარდა.
სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სტუმარ-მასპინძლობის დარგი ახლა დიდი გამოწვევის წინაშეა. პოლიტიკური კრიზისის გამო, გაუქმებულია ევროპელი ვიზიტორების ჯავშნები სასტუმროებშია, ასევე გაუქმებულია ტურები საქართველოს მასშტაბით.
ზარალი ჯერ არავის დაუთვლია, თუმცა უხეში გათვლებით, სექტორმა უკვე ასი ათასობით ლარი დაკარგა. მათივე თქმით, მართალია ზამთრის კურორტებზე ახლა ხალხი არის, თუმცა იქ ევროპელების ნაცვლად, რუსები და ბელარუსის მოქალაქეები ისვენებენ.