საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც „ევრონიუსის“ ორგანიზებით გაიმართება. 

სამიტზე, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს, განიხილავენ, რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირის გაფართოების შემდეგი ეტაპი როგორც თავად ევროკავშირისთვის, ისე გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის. დისკუსიები შეეხება კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს, განხორციელებულ რეფორმებს, ვალდებულებებსა და ინსტიტუციურ ცვლილებებს, ასევე გაფართოების ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და მის შესაძლო შედეგებს.

სამიტზე ასევე იმსჯელებენ, როგორ შეიძლება შეცვალოს გაფართოებამ ევროპის უსაფრთხოება, დემოკრატია, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა და სტრატეგიული ავტონომია.

სამიტის სპიკერებს შორის არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვასილე ტოფანი და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოიკო სპაიჩი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს