გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდა სამშენებლო სექტორზეც აისახება - მშენებლები მასალების გაძვირების ახალი ტალღის მოლოდინშია არიან.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „ინსის“ გენერალურმა დირექტორმა, ასევე ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ - ზვიად თოიძემ განუცხადა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ქვეყანაში სამშენებლო და სარემონტო მასალები ძვირდება.
„მშენებლობაში ბევრი ისეთი მასალა გამოიყენება, რომლებიც უშუალოდ ნავთობპროდუქტებისგან არის დამზადებული. ამას ემატება, ტრანსპორტირების ხარჯები - გაძვირებული საწვავის გამო, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან სამშენებლო მასალების იმპორტი, დაახლოებით, 50%-ის ფარგლებშია გაძვირებული. საბოლოო ჯამში, ფასები მომატებულია თითქმის ყველა სახის სამშენებლო მასალაზე, მათ შორის გაძვირებულია - ცემენტი, ლამინატი, საღებავები, კერამიკული ფილები, თაბაშირ-მუყაო, იზოლაცია, ლითონი და სხვა“, - აღნიშნა ზვიად თოიძემ.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 3 წელში, მშენებლობის ღირებულება, დაახლოებით, 30%-ის ფარგლებშია მომატებული და არ არის გამორიცხული, რომ ფასების ზრდა კიდევ გაგრძელდეს.
როგორც ზვიად თოიძე განმარტავს, იმპორტირებული მასალების გარდა, ფასების მატება შეინიშნება ადგილობრივი წარმოების ნედლეულზეც. ამ კუთხით, „ინსის“ გენერალურმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა არმატურაზე.
„ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით, იმპორტირებულ არმატურაზე გადასახადის დაწესებამ, სექტორი გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენა. კერძოდ, გარდა იმისა, რომ არმატურის ღირებულება 250-300 ლარის ფარგლებშია გაზრდილი, იმასთან შედარებით ადრე რაც იყო, გამოწვევაა - ბაზარზე გარკვეული ზომის არმატურების დეფიციტიც“, - განმარტა ზვიად თოიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში იმპორტირებულ არმატურაზე 1 ტონაზე დაწესებული 420 ლარის ოდენობის საიმპორტო გადასახადი, 2027 წლის 1 მარტამდე გახანგრძლივდა.