კორონავირუსი კვლავ იცვლება და ახალ გენეტიკურ ვარიანტებს წარმოქმნის. 2026 წელს ყურადღების ცენტრში მოექცა SARS-CoV-2-ის ახალი შტო PJ.2.1, რომელიც პირველად კანადაში გამოვლინდა და მოგვიანებით რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც დაფიქსირდა. მისი გავრცელების შესახებ არსებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში ახალი შეშფოთება გამოიწვია. თუმცა მთავარი შეკითხვებია, რამდენად საშიშია ეს ვარიანტი, იწვევს თუ არა დაავადების უფრო მძიმე ფორმას და არსებობს თუ არა საფუძველი ახალი პანდემიის მოლოდინისთვის?
ახალი კორონავირუსული ვარიანტი PJ.2.1 პირველად 2026 წლის 2 მაისს, კანადის ონტარიოს პროვინციაში აღებულ ნიმუშში გამოვლინდა. მოგვიანებით მისი შემთხვევები დაფიქსირდა აშშ-ში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებშიც. ამის შესახებ Public Health Ontario წერს.
ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალი ვარიანტი ე.წ. „ნახტომისებური ევოლუციის“ შედეგად წარმოიქმნა. ეს ნიშნავს, რომ ვირუსის გენეტიკურ სტრუქტურაში ერთდროულად დაგროვდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, განსაკუთრებით კი სპაიკ-ცილაში — იმ სტრუქტურაში, რომლის საშუალებითაც ვირუსი ადამიანის უჯრედებში აღწევს.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ვარიანტი გავრცელებულია აშშ-ში, კანადასა და ესპანეთში. მისი არსებობა ასევე გამოვლინდა სინგაპურსა და ავსტრალიაში.
2026 წლის 24 ოქტომბერს სამეცნიერო ჟურნალ Journal of Infection-ში გამოქვეყნდა Markus Hoffmann-ისა და თანაავტორების კვლევა — „Epidemiology and virological characteristics of the emerging SARS-CoV-2 variant PJ.2.1“.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს ახალი ვარიანტის ბიოლოგიური მახასიათებლები და კორონავირუსის სხვა გავრცელებულ ვარიანტებს შეადარეს.
ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ PJ.2.1-ს ACE2 რეცეპტორთან დაკავშირების გაძლიერებული უნარი აქვს. მკვლევრების მოსაზრებით, სწორედ ეს თვისება შეიძლება იყოს მისი სწრაფი გავრცელების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი.
თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორიული შედეგები ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ვირუსი ადამიანებს შორის უფრო სწრაფად ვრცელდება. ამის დასადასტურებლად საჭიროა დამატებითი ეპიდემიოლოგიური კვლევები.
რაც შეეხება იმუნიტეტს, ახალი ვარიანტების შეფასებისას ერთ-ერთი მთავარი საკითხია მათი უნარი, ნაწილობრივ გვერდი აუარონ ადამიანის ორგანიზმში გამომუშავებულ ანტისხეულებს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა PJ.2.1-ის მიმართ შეამოწმეს იმ ადამიანების სისხლის ნიმუშები, რომლებმაც 2025-2026 წლების სეზონისთვის განკუთვნილი COVID-19-ის ვაქცინა მიიღეს.
შედეგებმა აჩვენა, რომ PJ.2.1-ის მიმართ ანტისხეულების მოქმედება სხვა საკვლევ ვარიანტებთან შედარებით მკვეთრად შემცირებული არ ყოფილა.
მიუხედავად ამისა, კვლევა ლაბორატორიულ პირობებში ჩატარდა და მისი შედეგები არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ვაქცინები ყველა შემთხვევაში სრულად დაიცავს ადამიანს ინფიცირებისგან ან დაავადებისგან.
ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახალი ვარიანტის კლინიკურ სიმძიმეს უკავშირდება.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვირუსის გენეტიკური ცვლილება ან მისი გავრცელების სიხშირის ზრდა თავისთავად არ ნიშნავს, რომ ის უფრო მძიმე დაავადებას იწვევს.
ამ საკითხზე საბოლოო დასკვნის გამოსატანად საჭიროა პაციენტების კლინიკური მონაცემების, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებისა და დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივი დაკვირვება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია SARS-CoV-2-ის გენეტიკურ ცვლილებებსა და ახალი ვარიანტების გავრცელებას მუდმივად აკვირდება.
სპეციალისტებისთვის ახალი ვარიანტების გაჩენა მოულოდნელი არ არის. SARS-CoV-2 კვლავ ცირკულირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და, ისევე როგორც სხვა ვირუსები, დროთა განმავლობაში გენეტიკურ ცვლილებებს განიცდის.
PJ.2.1-ის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალი, არამედ ისიც, რამდენად იცვლება მისი კლინიკური მახასიათებლები და როგორ მოქმედებს არსებული იმუნიტეტი.
მოსახლეობისთვის კვლავ აქტუალურია რესპირატორული ინფექციების პრევენციის ზოგადი რეკომენდაციები: ავადმყოფობის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ახლო კონტაქტის შეზღუდვა, დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებში განიავების უზრუნველყოფა და ექიმთან კონსულტაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინფექციის გართულების რისკი მაღალია.
ამჟამად არსებული მტკიცებულებები არ იძლევა საფუძველს იმის დასამტკიცებლად, რომ ახალი ვარიანტი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს ან ახალი პანდემიის დაწყების წინაპირობაა.
მეცნიერებისთვის მთავარი ამოცანა ახლა მისი გავრცელების დინამიკის, იმუნურ პასუხთან ურთიერთქმედებისა და კლინიკური შედეგების შესწავლაა.
შესაბამისად, ახალი ვარიანტის მიმართ ყურადღება და ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი აუცილებელია, თუმცა, სპეციალისტების თქმით, საზოგადოებისთვის პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.