აშშ-ის სენატის საბიუჯეტო კომიტეტმა მე-2 მსოფლიო ომის პერიოდში, Credit Suisse-ის საქმიანობის გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა.
ათასობით დოკუმენტი ადასტურებს, რომ შვეიცარიული ბანკი ნაცისტებს ემსახურებოდა. კერძოდ, გამოძიების დოკუმენტებში საუბარია, რომ Credit Suisse-ი არქივში ნაცისტებისთვის გახსნილ უცნობ ან განზრახ დამალულ ანგარიშებს ინახავს.
გამოძიებას სენატორები ჩაკ გრასლი და შელდონ უაითჰაუსი უძღვებიან. ამ დროისთვის გაშიფრული ფაილები მოიცავს როგორც Credit Suisse-ის, ისე მისი წინამორბედების საქმიანობას. დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ ჩატარებული აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბანკი ინფორმაციას პირველადი გამოძიების ეტაპზე მალავდა.
არქივებში 64,000-ზე მეტი ჩანაწერია, რომლებიც ნაცისტ შუამავლებსა და კლიენტებთან კავშირს ადასტურებს.
განსაკუთრებით საყურადღებოა, ფაილები, რომლებიც ე.წ. Inf განყოფილებაში ინახებოდა, სადაც ბანკის კლიენტების მონაცემები იწერებოდა. კერძოდ, საუბარია ათასობით ფიზიკური პირის დოკუმენტებსა და მიკროფილმებზე, რომლებიც „ამერიკული შავი სიის" ქვეშ იყო გაერთიანებული. გამოძიების მტკიცებით, ეს ჩანაწერები იმ ორგანიზაციების აღსანიშნავად გამოიყენებოდა, რომლებიც ნაცისტური ბლოკის ქვეყნებს უჭერდნენ მხარს.
გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ II მსოფლიო ომის შემდეგ, Credit Suisse-ის ანგარიშები გამოიყენებოდა ე.წ. რათლაინის – ნაცისტური კრიმინალების გაქცევის გზების დაფინანსებისთვის. ასევე, დადგინდა კავშირები იმ პირებთან, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ ნაცისტების გადაყვანასა და დამალვაში ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.
სენატის ჩარევის შემდეგ, Credit Suisse-მა არქივებზე წვდომა ხელმისაწვდომი გახადა.
გამოძიება გრძელდება, ხოლო საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნება 2026 წლისთვის არის მოსალოდნელი.
სენატორები აცხადებენ, რომ აღმოჩენილი დოკუმენტების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, რათა მომავალში სამართლიანობა უზრუნველყოფილი იყოს, რათა ნაცისტური დანაშაულების მსხვერპლთა ისტორიული მეხსიერება შევინარჩუნოთ.
ცნობისთვის, Credit Suisse-მა, 168 წლის ისტორიის მქონე ბანკმა, არსებობა 2024 წლის მაისში შეწყვიტა, მას ამჟამად UBS Group ფლობს.