თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები - ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა გათავისუფლდნენ.

მათ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვეს.

ვასილ მხეიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმაა, ხოლო გიორგი ხაინდრავა ბურჭულაძის მოადგილე იყო. მათ თავდაპირველად 8-8 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. თუმცა სექტემბერში გაფორმებული საპროცესო გარიგების შემდეგ, მათი რეალური საპატიმრო დრო 1 წლამდე და 2 თვემდე შემცირდა. რადგან ეს დრო უკვე გასული იყო, მათ ციხე სექტემბერშივე დატოვეს.

ორივე მათგანს ასევე დაეკისრა 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, მხეიძეს კი ჩამოერთვა კონტრაბანდული სიგარეტი და მასალები.

ერთ-ერთი პირობა, რის სანაცვლოდაც მათ სასჯელის შემსუბუქება მიიღეს, საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლოში ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი მათი მიერ დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა გახდა. კერძოდ კი, ბურჭულაძემ და ვასილ მხეიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენება მისცეს. კერძოდ კი, ბურჭულაძის ჩვენების მიხედვით, მან ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი ქრთამის სახით ღარიბაშვილს ხელზე გადასცა.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით.

მეორე საქმე, რომელზეც ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ ცნეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაა.

პირველი სასამართლოთი მას 10 წლიანი პატიმრობდა ჰქონდა მისჯილი. საპროცესო გარიგებით კი, სასჯელი გაუნახევრდა. ჯამში, ბურჭულაძეს მიესაჯა 5 წელი, საიდანაც რეალურად ციხეში 3 წელს გაატარებს (ვინაიდან ნაწილი უკვე მოხდილი აქვს, ციხეს ზუსტად 2 წელიწადში დატოვებს), ხოლო დარჩენილი 2 წელი პირობითი ექნება. ასევე, ის დაჯარიმდა 1 მილიონი ლარით და ჩამოერთვა ქონება (მათ შორის უძრავი ქონება ესპანეთსა და წყნეთში).