სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით საქართველოში სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად თბილისში დღეს, 27 სექტემბერს, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 1993 წლის 27 ივლისს მხარეებს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, იმავე წლის 16 სექტემბერს სოხუმზე შეტევა განახლდა. შეთანხმების ფარგლებში ქართულმა მხარემ ქალაქიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის ნაწილი გაიყვანა.
27 სექტემბერს ქართული ძალები სოხუმიდან გავიდნენ. ქალაქზე კონტროლის დამყარების შემდეგ შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობა დაიკავეს. ტყვედ აიყვანეს მთავრობის წევრები, რომელთა ნაწილი, მათ შორის აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა, მოკლეს.
ომის პერიოდში აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის მხრიდან სხვადასხვა ფორმით ჩართულობის შესახებ არაერთი წყარო მიუთითებს. მათ შორის, საუბარია სამხედრო ავიაციის, ინსტრუქტორებისა და ცალკეული შეიარაღებული ქვედანაყოფების მონაწილეობაზე, ასევე რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის მოხალისეებისა და დაქირავებული მებრძოლების, მონაწილეობაზე.
სოხუმის დაცემის პერიოდში ქალაქი მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილმა ზღვით დატოვა, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი კოდორის ხეობის მიმართულებით გადაადგილდა. დევნილთა ნაწილი რთულ ჰუმანიტარულ პირობებში აღმოჩნდა და გზაში სიცივისა და შიმშილის შედეგად დაიღუპა.
30 სექტემბრისთვის აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე სეპარატისტული ძალების კონტროლი დამყარდა.
საქართველოს ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის ომის შედეგად 5 738 მშვიდობიანი ქართველი დაიღუპა, მათ შორის 800 ქალი და 50 ბავშვი. დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა და დევნილად ქცეულიყო.
აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად ქართველთა მასობრივი იძულებითი გადაადგილებისა და ეთნიკური წმენდის საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ ანგარიშსა და დოკუმენტშია ასახული. კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების მიზნით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საერთაშორისო მოლაპარაკებები და გაეროს ფარგლებში არაერთი რეზოლუცია იქნა მიღებული, თუმცა აფხაზეთის კონფლიქტი კვლავ მოუგვარებელია.
აფხაზეთიდან დევნილთა დაბრუნების საკითხი დღემდე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, ხოლო რეგიონზე თბილისი ეფექტურ კონტროლს ვერ ახორციელებს.