2026 წლის World Airline Awards-ის რეიტინგში აზიურმა და ახლო აღმოსავლეთის ავიაკომპანიებმა ლიდერობა შეინარჩუნეს. პირველ ადგილზე Singapore Airlines გავიდა, მეორე Qatar Airways-მა დაიკავა, მესამე კი Cathay Pacific-მა.

ევროპული ავიაკომპანიებიდან საუკეთესო შედეგი Turkish Airlines-ს ჰქონდა - ის მეხუთე ადგილზეა. მსოფლიოს საუკეთესო 20 ავიაკომპანიას შორის სულ ექვსი ევროპული გადამზიდავი მოხვდა: Turkish Airlines, Air France, Lufthansa, Iberia, Virgin Atlantic და Swiss International Air Lines.

რეიტინგი ლონდონში, World Airline Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდა. Skytrax-ის მიერ ორგანიზებულმა კონკურსმა წელს 300-ზე მეტი ავიაკომპანია შეაფასა.

მიუხედავად საერთო რეიტინგში შედარებით დაბალი პოზიციებისა, ევროპულმა ავიაკომპანიებმა ცალკეულ კატეგორიებში არაერთი ჯილდო მოიპოვეს. Air France-მა მსოფლიოს საუკეთესო პირველი კლასის, პირველი კლასის ლაუნჯში საუკეთესო კვებისა და პირველი კლასის მგზავრებისთვის საუკეთესო კომფორტის ნაკრებების კატეგორიებში გაიმარჯვა. ის ასევე დასავლეთ ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა.

Turkish Airlines-მა სამი ჯილდო მიიღო - ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიის, მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესკლასის კვებისა და სამხრეთ ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიის კატეგორიებში. Vueling კი, ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა.

Iberia-ს ევროპის საუკეთესო სამგზავრო მომსახურებისთვის გადაეცა ჯილდო, ხოლო LOT Polish Airlines ცენტრალური ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად აღიარეს.

Qatar Airways-მა პირველი ადგილი დათმო

Qatar Airways, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიის ტიტულს ცხრაჯერ ფლობდა, ამჯერად მეორე ადგილზე გავიდა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ ოთხი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესკლასის კატეგორიაში - ეს ტიტული Qatar Airways-მა უკვე მეცამეტედ მიიღო.

ავიაკომპანია ასევე ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო გადამზიდავად დასახელდა და ახალი კატეგორიის, „მსოფლიოში საუკეთესო ბორტის Wi-Fi“-ის, პირველი გამარჯვებულიც გახდა.

მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების Top 20

  • Singapore Airlines

  • Qatar Airways

  • Cathay Pacific

  • ANA All Nippon Airways

  • Turkish Airlines

  • Emirates

  • Air France

  • Hainan Airlines

  • Japan Airlines

  • Korean Air

  • EVA Air

  • Qantas Airways

  • STARLUX Airlines

  • Lufthansa

  • Saudia Airlines

  • Iberia

  • Air Canada

  • Virgin Atlantic

  • Swiss International Air Lines