სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება ე.წ „უსგ” ქულებთან დაკავშირებით 1-ელ მარტამდე შეჩერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, 432-ე დადგენილების მე-7 პუნქტის მიხედვით სტომატოლოგებს უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვასა და ტრენინგებზე დასწრების ვალდებულებას აკისრებს. სტომატოლოგმა საქმიანობის გასაგრძელებლად ტრენინგების გავლით, წელიწადში 20 ქულა უნდა მოაგროვოს. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ღირებულებისა და ქულების რაოდენობის მიხედვით განსხვავდება. ფასი 250 ლარიდან იწყება და 6 ათას ლარამდე მერყეობს. ტრენინგის ღირებულება ქულების რაოდენობის მიხედვით არ განისაზღვრება. ფასს კურსის ხარისხი განაპირობებს. მაგალითისთვის, არსებობს 2-ქულიანი პროგრამა, რომელიც 1500 ლარი ჯდება. საშუალოდ, 20 ქულის მოსაგროვებლად სტომატოლოგს წელიწადში 10 000 ლარის გადახდა მოუწევს.

„ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში’’ აცხადებდნენ, რომ სტომატოლოგები საჭირო ქულების მოგროვებას ვერ ახერხებენ. მიზეზი ბევრია. ლიგაში განმარტავდნენ, რომ ტრენინგების ნაწილი სტომატოლოგებმა ისე გაიარეს, რომ მისი დასრულების შემდეგ ქულები არ მიუღიათ, რადგან ეს ტრენინგები აკრედიტებული არ იყო და მათ აკრედიტაცია შემდეგ მიენიჭათ. აღნიშნულის გამო, სტომატოლოგებს რიგი ტრენინგების გავლა თავიდან მოუწევთ. გარდა ამისა, ტრენინგზე დაშვებული მონაწილეების რაოდენობა 15-20 მონაწილეა. ლიგაში აცხადებდნენ, რომ ეს მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და განსაზღვრულ ვადამდე ყველა სტომატოლოგი ტრენინგების გავლას ვერ შეძლებს. კიდევ ერთი საკითხი ტრენინგების ფასს უკავშირდება. ლიგაში განმარტავენ, რომ პროფესიაში მოსულ ახალ კადრებს საჭირო თანხების მობილიზება გაუჭირდებათ. პრობლემურია სანქციების ნაწილიც.