აქციების დაშლის დროს ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის გაზის გამოყენების შედეგად დაშავებული პაციენტებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისას, გავრცელებული სიმპტომატიკიდან გადახრას ან რაიმე გაუთვალისწინებელ გამოვლინებას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს პირველ არხს წერილობით განუცხადა საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე საპასუხოდ.
კერძოდ, საქართველოს პირველი არხი დაინტერესდა, გაზის რა სახეობები იყო გამოყენებული აქციების დაშლისას და რა სახის ინტოექსიკაცია თუ გართულებები დაფიქსირდა აღნიშნული ნივთიერებების გამოყენების შედეგად.
„მსგავსად ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობისა, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლში მოცემულია პოლიციის მიერ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების ჩამონათვალი, მათ შორის ცრემლსადენი გაზი და წიწაკის გაზი. ცრემლსადენი და წიწაკის გაზი, როგორც წესი, იწვევს თვალების წვის შეგრძნებას, ცრემლდენას, ასევე, შესაძლოა, გამოიწვიოს ზემო სასუნთქი გზების გაღიზიანება, სუნთქვის გაძნელება, ალერგიული რეაქცია, ღებინება, რაც, სამედიცინო თვალსაზრისით, ბუნებრივია აღნიშნული საშუალებებით ინტოქსიკაციისას. 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარე აქციის პერიოდში სხვადასხვა დროს გამოყენებულია ორივე ზემოთ ნახსენები სპეციალური საშუალება. შესაბამისად, როგორც ადგილზე – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ, ისე სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილ მოქალაქეებს (მათ შორის, მედია საშუალებებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს) სამედიცინო მომსახურება გაეწიათ ზემოაღნიშნული სიმპტომების მიხედვით ექიმ-სპეციალისტების მიერ კომპეტენციების შესაბამისად, მკურნალობის მიზნით. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი შეფასებისა და მათთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისას გავრცელებული სიმპტომატიკიდან გადახრას ან სხვა რაიმე გაუთვალისწინებელ გამოვლინებას ადგილი არ ჰქონია, რასაც შეეძლო წარმოექმნა რაიმე სპეციალური კვლევების განხორციელების, მათ შორის, ინტოქსიკაციის წყაროებისა და მათი შემადგენლობის კვლევის საჭიროება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სმაინისტროს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს, იმავე საკითხზე საქართველოს პირველი არხის შეკითხვაზე პასუხისას, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ არავის აქვს რაიმე საბუთი, რომლის მიხედვითაც, შსს-ს წარმომადგენლები აქციების დროს არასტანდარტულ საშუალებებს იყენებდნენ. მისი თქმით, ინტოქსიკაცია, ცრემლდენა და სხვა სიმპტომები ბუნებრივი თანმხლები პროცესია.