გერმანული სადღეგრძელო „Prosit“-ი, პირდაპირი მნიშვნელობით, ნიშნავს: „დაე, ამას თქვენთვის სიკეთე მოეტანოს“. თუმცა, სასმელის სიკეთეზე საუბარი ზედმეტია: კვლევების თანახმად, ალკოჰოლის ყოველი წვეთი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მიუხედავად ამისა, ყოველი მესამე ადამიანი, განსაკუთრებით კი განათლებულები, ჭიქას დასაშვებზე ხშირად იღებს ხელში.
იმ დროს, როცა მიუნხენში, მსოფლიოს უდიდეს სახალხო ფესტივალზე, დაახლოებით შვიდი მილიონი ლიტრი ლუდი ისმევა, რობერტ კოხის ინსტიტუტმა (RKI) სენსაციური კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, გერმანიაში თითქმის ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი ჯანმრთელობისთვის საზიანო რაოდენობის ალკოჰოლს მოიხმარს. RKI-ი ამტკიცებს, რომ კვირაში მხოლოდ სამიდან ექვსამდე პორცია(დაახლოებით 30-60 გრამი სუფთა ალკოჰოლი - რედ.) ალკოჰოლურ სასმელსაც კი შეუძლია დაავადების ზომიერი ან მაღალი რისკი გამოიწვიოს. მიუნხენის ლუდის ფესტივალზე, ბევრი ადამიანი, სავარაუდოდ, ამ რაოდენობას აჭარბებს. ამის მიუხედავად, რატომ მიიჩნევა მაინც სმა ნორმალურ ქმედებად და რომელი სოციალური ჯგუფები ეტანებიან სასმელს განსაკუთრებით ხშირად?
ბინძური პატარა საიდუმლოებები: რატომ ვეტანებით სასმელს? (გერმანულ ენაზე)
დღეში ერთი ჭიქა ღვინო უკვე „კარგი“ აღარ არის
„ადრე ამბობდნენ: დღეში დაახლოებით ერთი ჭიქა ღვინის დალევა ნორმალურია. მაგრამ უკვე დიდი ხანია, დაახლოებით ხუთი წელია, ეს მოსაზრება უარყოფილია“, - ამბობს გაბრიელე კოლერი „ბავარიის რადიოსთან“ ინტერვიუში. იგი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (LMU) კლინიკის მავნე დამოკიდებულებების ამბულატორიული განყოფილების ხელმძღვანელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ასევე აცხადებს: ალკოჰოლის უსაფრთხო მოხმარება არ არსებობს. ყოველი ყლუპი ზრდის, მაგალითად, კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ხელს უწყობს ღვიძლის დაზიანებას და, რა თქმა უნდა - შეიცავს დამოკიდებულების წარმოქმნის საფრთხეს.
ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი. მიუხედავად ამისა, მიუნხენის ლუდის ფესტივალზე რესტორნების მეპატრონეები მომხმარებლების ნაკლებობას არ უჩივიან. „ალკოჰოლის კულტურა ჩვენს საზოგადოებაში ღრმად არის გამჯდარი“, - განმარტავს კოლერი. ზეიმის დროს ლუდის კათხის ხელში აღება, გარკვეულწილად, ტრადიციული სოციალური ქცევაა. თუმცა, აშკარაა, რომ ალკოჰოლი ახალგაზრდებში ნაკლებად პოპულარულია. შესაძლებელია თუ არა მომავალში მივიღოთ საზოგადოება, რომელიც აღარ სვამს? ექსპერტს ამაში ეჭვი ეპარება: „არამგონია. უბრალოდ დაფიქრდით, რა ხანია, რაც ალკოჰოლი ჩვენთან ერთად არის“. გადმოცემის თანახმად, პირამიდების მშენებლობისას, მუშებისთვის მოტივაციის ასამაღლებლად, ლუდს არიგებდნენ.
განათლებული ადამიანები მეტს სვამენ - მაგრამ რატომ?
RKI-ის კვლევამ, რომლის ფარგლებშიც 22 000-ზე მეტი ზრდასრული ადამიანი გამოკითხეს, კიდევ ერთი უცნაური ფაქტი გამოავლინა: უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები უფრო მეტს სვამენ, ვიდრე ისინი, ვისაც უფრო დაბალი დონის განთლება აქვთ. არადა, ალკოჰოლის მავნე გავლენაზე განა მათ უკეთ არ უნდა იცოდნენ? „ეს მხოლოდ გერმანიისთვის დამახასიათებელი მოვლენა არ არის, ამას სხვა ქვეყნებშიც ვხედავთ“, - ამბობს RKI-ის ექიმი, იულიკა ლოსი. საინტერესოა, რომ ეს კორელაცია მხოლოდ ალკოჰოლს ეხება. თამბაქოს გაზრდილი მოხმარება ან სხვა სარისკო ქცევები, უფრო მეტად, ნაკლებად განათლებულ ადამიანებთან ასოცირდება.
თავის ახსნას გვთავაზობენ მკვლევარი, დევიდ ბეტი და მისი კოლეგები გლაზგოს უნივერსიტეტიდან, რომლებმაც 2008 წლის კვლევაში შემდეგი დასკვნები გააკეთეს: განათლებულ ადამიანებს ხშირად წარმატებული კარიერა აქვთ, რაც, თავის მხრივ, სოციალურ შეკრებებზე ხშირი სმისთვის მზაობას მოითხოვს. მათმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სიმთვრალე განსაკუთრებით გავრცელებულია მენეჯერულ პოზიციებზე მომუშავე ქალებში. მკვლევარების აზრით, მამაკაცების მიერ დომინირებულ სფეროში ძალაუფლებისთვის ბრძოლამ შეიძლება ხელი შეუწყოს მათ მიერ ალკოჰოლის ხშირ მოხმარებას. აშშ-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტ „გელაპს“ დამატებითი განმარტებები აქვს: უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს, უბრალოდ, მეტი ფინანსური შესაძლებლობა გააჩნიათ... ალკოჰოლის შესაძენად. ისინი ასევე უფრო ხშირად მონაწილეობენ აქტივობებში, რომლებიც სმასთან არის დაკავშირებული.
რა უნდა შეიცვალოს?
მაშ, რა არის საჭირო, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დადგეს ალკოჰოლით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკების წინაშე? ექიმ ლოსის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ინდივიდებზე არ გადავიტანოთ. „ვფიქრობ, ეს პოლიტიკოსების საქმეცაა. კერძოდ, მათი ინიციატივით უნდა დაიტანონ გამაფრთხილებელი ნიშნები ეტიკეტებსა და შეფუთვებზე, როგორც ამას თამბაქოს შემთხვევაში ვაკეთებთ“, - აღნიშნავს ის. მისივე თქმით, რეკლამის უფრო მკაცრ რეგულირებაზეც უნდა ვიფიქროთ: „ალკოჰოლის ინდუსტრია მარკეტინგზე წელიწადში დაახლოებით ნახევარ მილიარდ ევროს ხარჯავს“.
და რას ფიქრობს ექსპერტი მიუნხენის ლუდის ფესტივალზე? „რა თქმა უნდა, რთულია ფესვგადგმული ტრადიციების დემონიზება, - აღიარებს ლოსი, - მაგრამ ვფიქრობ, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ისეთი ცნებები, როგორიცაა „საზოგადოება“, „სოციალურობა“ და „მხიარულება“, ალკოჰოლის მოხმარებასთან და ნამდვილად აუცილებელია თუ არა, რომ რეალურად ასე იყოს“.
წყარო: 1არხი