„საქართველოზე გამავალი საავტომობილო-სატრანზიტო დერეფანი შესაძლოა, უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს“,- ასე ეხმაურება სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ ე.წ ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებას.
როგორც ცნობილია, აშშ-მა და სომხეთმა ზანგეზურის - ე.წ „ტრამპის მარშრუტის“ შინაარსზე მუშაობა უკვე დაიწყეს. მეტიც, მისი გახსნის სავარაუდო თარიღად 2028 წელი დასახელდა. როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარიზის მშვიდობის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე „ლიდერობის გზაჯვარედინზე“ განაცხადა, „შეიძლება ბევრი ძალა არ იყოს დაინტერესებული ამ საკომუნიკაციო არხების გახსნით, მაგრამ სინამდვილეში ამ პროექტით ყველა მხარე სარგებელს მიიღებს“.
მისივე თქმით, ეს იქნება ახალი დერეფანი კასპიის და ხმელთაშუა ზღვას შორის. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, გაჩნდება ახალი შესაძლებლობები, სომხეთს ექნება სარკინიგზო დაკავშირება ირანთან, რუსეთთან და ცენტრალურ აზიასთან.
როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, საქართველოს დერეფნისთვის ეს არის რეალური საფრთხე, რადგან ის ორმაგი კონკურენციის პირობებში ხვდება. კერძოდ:
„საქართველოზე გამავალი საავტომობილო-სატრანზიტო დერეფანი შესაძლოა, უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. საუბარია, თურქეთ-სომხეთის საავტომობილო გასასვლელის გახსნაზე. ეს არის რეალობა - ამას ვერ გავექცევით, აქ არის მნიშვნელოვანი საშიშროება, რომ საქართველოს საავტომობილო სატრანზიტო დერეფანი ორმაგი კონკურენციის ქვეშ აღმოჩნდება. პირველი ეს არის თურქეთი და სომხეთი თუ გახსნიან გასასვლელს (აზერბაიჯანის გავლით), და მეორე, სიუნიქის დერეფანი, რასაც საავტომობილო მიმართულებით მაქსიმუმ 3 წელი ესაჭიროება.
ხშირად ამბობენ, რომ ეს საქართველოსთვის შესაძლებლობა და გამოწვევააო, მაგრამ სინამდვილეში საქართველოსთვის არის მძიმე დამღა, რადგან ჩვენი დერეფანი ორმაგი კონკურენციის პირობებში აღმოჩნდება. თანაც, როგორც სომხეთის პრემიერმა დააანონსა, ეს დერეფანი შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს, ამიტომ ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ სატრანზიტო გადაზიდვები კიდევ შემცირდება. ტვირთნაკადი, რომელიც თურქეთიდან სომხეთში მიემართებოდა, საქართველოს გავლით მოძრაობდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაკადია. იმ პირობებში კი, საქართველოს დერეფნის გამოყენების აუცილებლობა აღარ იქნება, თურქეთი სომხეთში თავისუფლად შევა, მოკლე გზას გადაჭრის, აქედან გამომდინარე ეს ნაკადი, საქართველოზე აღარ გამოივლის და წავა პირდაპირ სომხეთში“, - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.
კითხვაზე რა უნდა გაკეთდეს ქართული სახელმწიფოს მხრიდან, რომ ქვეყნის დერეფანმა კონკურენციას გაუძლოს და აქტუალობა შეინარჩუნოს, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სატრანზიტო პოლიტიკის ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს.
„პირველ რიგში საავტომობილო ტრანსპორტის ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს. ასევე, ნებართვების გაცემის ელექტრონული სისტემა უნდა დაინერგოს, რომ მძღოლისთვის მარტივი იყოს ნებართვის აღება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ნებართვების ღირებულებამ დაიწიოს, ანუ ფინანსური მდგენელები შემცირდეს, რომ გაიზარდოს კონკურენცია.
მაგალითად, ქართული მანქანებისთვის, რომლებიც ტრანზიტად გადიან და იხდიან 350 ლარს, მე თამამად ვიტყოდი, რომ სახელმწიფომ მათთვის გამონაკლისი უნდა დაუშვას. მეტიც, მას არ უნდა გადაახდევინოს სატრანზიტო საფასური. ამით საერთაშორისო ბაზარზე ქართველი მძღოლების კონკურენტუნარიანობა გაიზრდება. ვფიქრობ, მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი, რომელიც ბაზრის ლიბერალიზაციისკენ იქნება მიმართული. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს ამაზე მუშაობა“, - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს, ვაშინგტონში სომხეთის, აშშ-ისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, სომხეთი შეერთებულ შტატებს 99 წლით ექსკლუზიურ გრძელვადიან უფლებებს სომხური კანონმდებლობის ფარგლებში ანიჭებს იმ მარშრუტის განვითარებისთვის, რომლითაც აზერბაიჯანი ნახიჩევანთან სახმელეთო კავშირის დამყარებას შეძლებს. ამერიკული მხარე მიწის ქვეიჯარით გაცემას კონსორციუმზე გეგმავს, რომელიც ინფრასტრუქტურასა და მართვაზე იქნება პასუხისმგებელი. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ცნობით, ზანგეზურის, ანუ „ტრამპის დერეფნის” დაფინანსების პირველი ტრანშის სახით აშშ სომხეთისთვის 145 მლნ დოლარის დახმარებას გეგმავს.