40 ათას ლარიანი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაბეგვრის წესი მოძველებულია, რადგან ზღვარი ძალიან დაბალია,– ამის შესახებ იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა და ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, თითქოს ქონების გადასახადი პირდაპირ არის მიბმული 40 ათას ლარიან შემოსავალზე.
„არსებობს არასწორი მოსაზრება საზოგადოებაში, რომ ქონების გადასახადი შემოსავალზეა მიბმული, რომ 40 ათასის ზევით მეკუთვნის და ქვევით – არ მეკუთვნის. ეს ასე არ არის,“ – განმარტავს ძნელაშვილი.
ის ხაზს უსვამს, რომ 40-ათასიანი ზღვარი მხოლოდ შეღავათისთვის დაწესდა, თუმცა მისი გათვლების მეთოდოლოგია დღეს უკვე დაბალ ნიშნულად ითვლება.
„როცა მთელი ოჯახის შემოსავლებს ვითვლით და არა, ვთქვათ, ერთი პირის შემოსავლებს, თან ითვლება დასაბეგრი შემოსავალი საგადასახადო შეღავათებისა და გადასახადების გათვალისწინების გარეშე, დღეს უკვე ეს ზღვარი ძალიან დაბალია.“
ძნელაშვილის თქმით, იურიდიული პირებიც ზარალდებიან მოქმედი წესით: „იურიდიული პირის ქონება იბეგრება საბალანსო ღირებულების მიხედვით… თუმცა, საგადასახადო ორგანოს აქვს უფლებამოსილება, კოდექსში უწერია, გადავიდეს საბაზრო ფასზე, ანუ, საბალანსო ღირებულების ნაცვლად, პირი საბაზრო ფასიდან გამომდინარე დაბეგროს, რაც ყოველთვის იწვევს დამატებით დარიცხვას.“
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე გაუქმდა მსგავსი ნორმა, თუმცა ახალი რეგულაცია „თითქმის იგივეა, რაც იქამდე იყო.“
ექსპერტი ყურადღებას სოციალურ უთანასწორობაზე ამახვილებს: „რადგან ვაკეში ცხოვრობს, ხომ არ ვაიძულებთ, გაყიდოს ბინა და პერიფერიაში გადავიდეს მარტო იმიტომ, რომ ქონების გადასახადი უწევს და ვერ იხდის?“ – ამბობს ძნელაშვილი.
მისი შეფასებით, გადასახადის დადგენა მხოლოდ ტერიტორიული ნიშნით არასწორია.
„წარმოიდგინეთ ასეთი მესაკუთრეები: ერთს აქვს ცარიელი მიწა, მეორეს 20-50 წლის შენობა უდგას და მესამეს აქვს შარშან აშენებული ბიზნეს ცენტრი ან სასტუმრო და სამივე პირობითად, არის ვაკეში. ხომ არ შეიძლება, სამივეს ერთნაირი გადასახადი დაუწესო?
„მუნიციპალიტეტებს სჭირდება განვითარება, სჭირდება საკუთარი რესურსები… როცა ცხოვრობ ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში, უნდა შეგქონდეს წვლილი შენი მუნიციპალიტეტის განვითარებაში,“ – ამბობს ის.
მისი თქმით, ქონების გადასახადის გაუქმება დაასუსტებს ადგილობრივ ბიუჯეტებს და შეაფერხებს ინფრასტრუქტურის პროექტებს, რომლებიც სწორედ ამ გადასახადით ფინანსდება.
,,არ შეიძლება, მუნიციპალიტეტი მუდმივად იყოს დამოკიდებული ცენტრალური ბიუჯეტიდან რაღაც თანხის გადაცემაზე, მუნიციპალიტეტებს სჭირდება განვითარება, სჭირდება საკუთარი რესურსები"- აღნიშნა იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ძნელაშვილმა.