„ჯორჯიან პეტროლიუმის“ კომერციული დირექტორი შეფასებით, საავიაციო საწვავის სექტორი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ ფაზაშია, რაც ბუნებრივია საქართველოზე, როგორც იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაზე აისახება. "საქმიანი დილის" რუბრიკაში "საუბრები ავიაციაზე" სტუმრობისას გიორგი ანდღულაძე ამბობს, რომ ფასების ასეთი ცვლილება არც ეკონომიკური კრიზისის და არც პანდემიის დროს არ ახსენდება.

"საწვავის ფასები დღეს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ ფაზაშია. სიმართლე გითხრათ, საწვავის ფასების ასეთი მკვეთრი ცვლილება არ მახსენდება არც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის, არც პანდემიის და არც სხვადასხვა ომების ფონზე. ეს ბაზრის ჩვეულებრივ მოძრაობას არ ჰგავს. აქ ერთობლივად მოქმედებს როგორც ნავთობის ფასები, ისე გეოპოლიტიკური გარემო, მიწოდების დაგვიანების შიში და სხვადასხვა ლოგისტიკური პრობლემა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენს რეგიონზე პირდაპირ აისახება, რადგან საქართველო იმპორტდამოკიდებული ბაზარია და ნებისმიერი საერთაშორისო ცვლილება ადგილობრივ ფასებზე უმალ აისახება. საწვავის ფასის ძირითად მდგენელად კვლავ რჩება ნავთობისა და შესაბამისი ნავთობპროდუქტის „პლაცის“ (Platts) ინდექსი, რომელიც, თებერვლის მონაცემებთან შედარებით, პრაქტიკულად 100%-ით არის გაძვირებული.

თუმცა დღეს მხოლოდ ინდექსზე ყურება საკმარისი აღარ არის, რადგან ფასის წარმოქმნაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ლოგისტიკურმა პრობლემებმა, გაძვირებულმა ტრანსპორტირებამ, ასევე გაძვირებულმა დაზღვევამ და ჰეჯირებამ.

რაც ყველაზე მთავარია, პროდუქტის ხელმისაწვდომობა საგრძნობლად შეიზღუდა, რადგან მწარმოებელი ქვეყნები პროდუქტის ექსპორტზე გაშვებისგან თავს იკავებენ, რის გამოც სხვადასხვა ალტერნატივის მოძიება გვიწევს", - განაცხადა ანდღულაძემ BMGTV-ის ეთერში.

წყარო: bm.ge