“ფაქტობრივად ადამიანები, რომლებიც სახლში წასაღებად ყიდულობდნენ საკვებს, საკვების ფასი იმხელა გახდება, რომ აღარ იყიდიან”- ასე აფასებს “დეგუსტოს” დირექტორი კვების ობიექტებისთვის პლასტიკის ჭურჭლით საკვების/სასმლის მიწოდების აკრძალვის რეგულაციის გავლენას.
საქმე ისაა, რომ 1 ივლისიდან პლასტიკის ნაწარმის რეგულაციის მოცვა ფართოვდება. როგორც ცნობილია, 1 აპრილიდან აიკრძალა პლასტიკის ჭურჭლის, ჭიქების, თეფშების, დანების, კოვზების, საწრუპების იმპორტი და რეალიზაცია, 1 ივლისიდან კი საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლებისთვის სასმელების პლასტიკის ბოთლებით, ასევე საკვების პლასტიკის ჭურჭლით და კონტეინერებით მიწოდებაც აიკრძალება. ივლისიდან კომპანიებს მომხმარებელთა მომსახურება ალუმინის ქილის ან შუშის ბოთლების გამოყენებით მოუწევთ.
"დეგუსტოს" დირექტორის სანდრო ნორაკიძის თქმით, შუშის ბოთლი 2-ჯერ უფრო ძვირია, პლასტიკის ჭურჭლის მუყაოთი ჩანაცვლება კი ბიზნესს 5-6-ჯერ უფრო ძვირი დაუჯდება, შესაბამისად, სექტორი იძულებული იქნება გაზრდილი ფასი მომხმარებელს გადაახდევინოს.
"ორჯერ მეტი ღირს შუშის ბოთლში ჩამოსხმული ნახევარლიტრიანი წყალი, ვიდრე პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული. ლოგისტიკის კუთხით ბევრად უფრო რთულია შუშა, უტილიზაციის კუთხით ბევრად უფრო რთულია…
ქაღალდი პლასტმასის კონტეინერებთან მიმართებით არის ხუთჯერ-ექვსჯერ ძვირი. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ადამიანები, რომლებიც სახლში წასაღებად ყიდულობდნენ საკვებს, საკვების ფასი იმხელა გახდება, რომ აღარ იყიდიან. ავიღოთ 500-გრამიანი პლასტიკის კონტეინერი, რომელიც ღირს დაახლოებით 18-20 თეთრი. მთლიანად თუ მუყაოსი იქნება, პლასტიკის თავსახურის გარეშე, ის ღირს დაახლოებით 70-80 თეთრი, რაც 6-8-ჯერ მეტია. ჩვენ ვიქნებით უკვე ვალდებულნი, რომ ფული გადავახდევინოთ მომხმარებელს. ეს რომ ფასში აისახება, ბუნებრივია გაყიდვებსაც შეეტყობა.
მე მაინც იმედიანად ვარ, რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და მოხდება ამ რეგულაციის გადახედვა. თუ პლასტიკით ვაზიანებთ ბუნებას, შუშითაც შეიძლება დავაზიანოთ ადამიანები. მაშინ ამას სჭირდება ჩამბარებელი პუნქტები, კომპანიები, ვინც ამას იბარებენ და მერე გადასამუშავებლად აბარებენ... ანუ მთელი ინფრასტრუქტურაა საჭირო. ჩემი აზრით, ერთი ხელის მოსმით ამაზე გადასვლა საკმაოდ რთული იქნება სექტორისთვის, როგორც რითეილერებისთვის, ისე მწარმოებლებისთვის”, - აცხადებს სანდრო ნორაკიძე.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა პირველ ჯერზე 1000 ლარიან ჯარიმას და პროდუქციის კონფისკაციას ითვალისწინებს. განმეორებით სამართალდარღვევის შემთხვევაში კი საჯარიმო სანქცია ორმაგდება. აღნიშნული რეგულაციების შესრულებაზე კონტროლს, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებენ.