პარიზის მონპარნასი, ქალაქის ისტორიულ ცენტრში არსებული ერთადერთი ცათამბჯენი, მასშტაბური რეკონსტრუქციისთვის იხურება. 210 მეტრის სიმაღლის შენობას კაპიტალური განახლება ელოდება, რომელიც სულ მცირე ოთხი წელი გაგრძელდება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
კოშკი 1973 წელს აშენდა და მას შემდეგ მუდმივი დავის საგანი რჩება. ბევრ პარიზელს ის გულწრფელად არ მოსწონს და მისი პირქუში გარეგნობის გამო მას „მეჭეჭს“ ან „შავ ქვრივს“ კი უწოდებენ. ბეტონისა და ფოლადის კონსტრუქცია დომინირებს ქალაქში, სადაც შენობების საშუალო სიმაღლე მხოლოდ შვიდი სართულია. სწორედ ამ კოშკის აშენების შემდეგ აიკრძალა საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში სხვა მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა. მცხოვრებლები ხშირად ხუმრობენ, რომ მონპარნასის მწვერვალი პარიზის საუკეთესო ადგილია, რადგან ეს ერთადერთი წერტილია, საიდანაც თავად შენობა არ ჩანს.
კრიტიკის მიუხედავად, ცათამბჯენი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს 56-ე სართულზე განლაგებული სადამკვირვებლო პლატფორმის წყალობით. ის მშენებლობის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ გაიხსნა და მას შემდეგ 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოინახულა.