„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა დაადასტურა, რომ გიორგი მამარდაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც „ევერტონთან“ მერსისაიდულ დერბიში ტრავმა მიიღო.

ქართველი მეკარე მეორე ტაიმში დაშავდა, ეპიზოდში, როდესაც „ევერტონის“ თავდამსხმელმა, ბეტომ ანგარიში გაათანაბრა და მას მუხლზე შეეჯახა. რამდენიმეწუთიანი დახმარების შემდეგ მამარდაშვილმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მოედანი საკაცით დატოვა.

„მამარდაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეგონა, რომ ეს ღია ჭრილობა იყო, თუმცა მითხრეს, რომ ტრავმას ხანგრძლივი მკურნალობა არ დასჭირდება. ვნახოთ, გიორგი მომავალ კვირას სათამაშოდ მზად იქნება თუ არა“, – განაცხადა „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა.

წყარო: პირველი არხი