საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა შეუცვლელია აშშ-ის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონისპოლიტიკისთვის, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში: „რატომ უნდა გააუმჯობესოს აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობა“, რომელსაც გამოცემა The National Interest-ი ავრცელებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თებერვალში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტს მნიშვნელოვანი, მაგრამ დაუფასებელი შედეგი მოჰყვა. ამ ვიზიტმა საქართველო კვლავ ყურადღების ცენტრში მოაქცია, ოფიციალურ მარშრუტში მისი არარსებობის გათვალისწინებით.
„საქართველომ, რომელიც ოდესღაც აშშ-ის სამხრეთ კავკასიის პოლიტიკის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა, თითქოს, დასავლეთი „მიატოვა“. ამ ნარატივის მიხედვით, ამის მიზეზად სახელდება ის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტზე ორიენტირებული შიდა და საგარეო პოლიტიკა, რომელიც 2020-იან წლებში ჩამოყალიბდა, მას რუსეთისა და ჩინეთის გვერდით აყენებს. ზოგმა კიდევ უფრო შორს წასული შეფასებაც გააკეთა და განაცხადა, რომ ამის შედეგად ქვეყნის რეგიონული სტრატეგიული მნიშვნელობა შემცირდა და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჯეი დი ვენსმი თბილისს არ ეწვია. შესაბამისად, ამ მოსაზრებით, საქართველო ვაშინგტონისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდა, რომელმაც თითქოს მისი ადგილი სომხეთით ჩაანაცვლა, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, მისი ახლადშეძენილი ევროატლანტიკური გულმოდგინების პიკზე.
ეს ინტერპრეტაცია არსებითად მცდარია, რადგან ვენსის ვიზიტის მიზანი იყო არა მთლიანად სამხრეთ კავკასიის შემოვლა, არამედ „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) პროექტის პოპულარიზაცია, რომელიც, შესაძლოა, ამ ადმინისტრაციის გარიგებებზე ორიენტირებული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევადაც ჩაითვალოს. ასევე, ვენსის ვიზიტმა არანაირად არ განამტკიცა სომხეთის, როგორც სამხრეთ კავკასიის ახალი მიზიდულობის ცენტრის, პოზიცია - მოსაზრება, რომელიც თითქმის დანამდვილებით გამოიწვევდა აზერბაიჯანის მძაფრ რეაქციას“, - აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი წერს, რომ მიუხედავად ამისა, ეს მცდარი ინტერპრეტაცია მნიშვნელოვნად გავრცელდა ევროპაში და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გარკვეულ წრეებში და მისი ყველაზე ძირითადი ვარაუდის - კერძოდ, თბილისის მიერ პრორუსული მიდგომის - მიმართ შეზღუდული წინააღმდეგობა საზიანო აღმოჩნდა აშშ-საქართველოს თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავებისთვის.
ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობების შემცირების მიზეზი საქართველო არ არის.
„მართალია, რომ აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები, რომლებიც ადრე ვაშინგტონის სამხრეთ კავკასიის პოლიტიკის ხერხემალს წარმოადგენდა, უკვე თითქმის ნახევარი ათწლეულია, რაც საუკეთესო შემთხვევაშიაც კი მხოლოდ „ნელთბილია“, თუმცა ეს არ არის გამოწვეული საქართველოს მხრიდან ინტერესის ნაკლებობით - რასაც ცხადყოფს თბილისის მრავალჯერადი მცდელობები, როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური, ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებისთვის. ის ასევე არ არის დაკავშირებული მოსკოვთან დაახლოებასთან, რაც ნებისმიერი ქართული მთავრობისთვის იყო და რჩება პოლიტიკურ და სამხედრო „წითელ ხაზად“, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხშირად გადაჭარბებული ტონით ვრცელდება დასავლურ და ადგილობრივ, ოპოზიციურად განწყობილ მედიაში.
ვრცლად: www.interpressnews.ge