მიუხედავად გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და ახლო აღმოსავლეთიდან ფრენების შემცირებისა, საქართველოში საავიაციო საწვავის ბაზარი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. ქვეყანაში საავიაციო საწვავის მსხდვილი იმპორტიორი „ჯორჯიან პეტროლიუმის“ კომერციული დირექტორის გიორგი ანდღულაძის თქმით, ქვეყანაში საავიაციო სექტორის განვითარება ეკონომიკურ აქტივობაზე პირდაპირ აისახება. ამის შესახებ მან "საქმიანი დილის" რუბრიკაში "საუბრები ავიაციაზე" ისაუბრა.

"საქართველოში ახლო აღმოსავლეთიდან ფრენების შემცირების მიუხედავად, საავიაციო საწვავის მოხმარების ბაზარი კვლავ ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საერთო ჯამში, მოთხოვნა ყოველწლიურად 5-10%-ით იზრდება, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ძირითად ჰაბად კვლავ თბილისის აეროპორტი რჩება, რომლის წილიც მთლიან გაყიდვებში საკმაოდ დიდია და დაახლოებით 75%-ს შეადგენს.

ამ ფონზე, ასევე საინტერესოდ ვითარდება ქუთაისის აეროპორტი, რადგან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები საკმაოდ აქტიურობენ და ზრდა იქაც ყოველწლიურად შეიმჩნევა. ეს ყველაფერი ჯამში მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ავიაცია ვითარდება და საავიაციო საწვავზე მოთხოვნა იზრდება. ეს კი თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია ტურიზმის, ბიზნესისა და ზოგადად, ეკონომიკური აქტივობის ზრდასთან.

რაც შეეხება ფასების ცვლილებას, ფასის ცვლილება ჩვენთან ძალიან დალაგებული საკითხია. საავიაციო საწვავის მიწოდება ავიაკომპანიებისთვის როგორც წესი, ხორციელდება გრძელვადიანი კონტრაქტებით, რომლებიც პირდაპირ არის მიბმული „პლატსის“ (Platts) საერთაშორისო ინდექსთან. ჩვენ ყოველ ორ კვირაში ერთხელ, ინდექსის შესაბამისად ვანახლებთ ფასებს. შესაბამისად, როდესაც ინდექსი განიცდის ცვლილებას მატებას ან კლებას ეს ყოველ ორ კვირაში უკვე აისახება საწვავის ფასზე.

თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ ის დამატებითი გაძვირებული კომპონენტები, რომლებიც ფასწარმოქმნაში მონაწილეობს (ჰეჯირება, ტრანსპორტირება, დაზღვევა და ა.შ.) მთლიანად საწვავის მიმწოდებელ კომპანიას აწვება, როგორიცაა „ჯორჯიან პეტროლიუმი“ და ეს არ წარმოადგენს ავიაკომპანიის ფინანსურ რისკს", - განაცხადა ანდღულაძემ BMGTV-ის ეთერში.

bm.ge