საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველომ და სომხეთმა შესაძლოა, გარკვეული ეკონომიკური სარგებელი მიიღონ ახლო აღმოსავლეთიდან გადამისამართებული ტურისტული და კაპიტალის ნაკადებით.
ამის შესახებ IMF-ის ახალ რეგიონულ ანგარიშში ნათქვამი, რომელიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკურ პროგნოზებს და მასზე ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენას მიმოიხილავს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის შედეგად ვაჭრობის შეფერხებები წარმოადგენს მთავარ რისკს რეგიონისთვის, თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ რიგმა ქვეყნებმა შესაძლოა, მიმდინარე პროცესებიდან გარკვეული ეკონომიკური სარგებელი მიიღონ.
„ახლო აღმოსავლეთში ომის შედეგად ვაჭრობის შეფერხებები წარმოადგენს მთავარ რისკს რეგიონისთვის, ეფექტები განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში, ირანთან მათი სავაჭრო კავშირებისა და მათი ეკონომიკური სპეციალიზაციის ფუნქციის მიხედვით. ქვეყნები, რომლებიც გეოგრაფიულად უფრო ახლოს არიან ირანთან, საქონლის წმინდა იმპორტიორები არიან, ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც უფრო მეტად ეყრდნობიან ტურიზმს, უფრო დაუცველები არიან. იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება და დაჩქარებული ინფლაცია რეგიონს საქონლისა და სურსათის გლობალური ფასების ზრდის წინაშე აყენებს. გახანგრძლივებულმა ინფლაციამ შესაძლოა, აუცილებელი გახადოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, განსაკუთრებით ნავთობის იმპორტიორებისთვის. გაძლიერებულმა გეოპოლიტიკურმა გაურკვევლობამ და მკაცრმა გლობალურმა ფინანსურმა პირობებმა შეიძლება შეამციროს უცხოური ინვესტიციები და ბიზნესის ნდობა. მეორე მხრივ, ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორიცაა სომხეთი და საქართველო, შესაძლოა, სარგებელი მიიღონ ახლო აღმოსავლეთიდან გადამისამართებული ტურისტული და კაპიტალის ნაკადებით“, - ნათქვამია ანგარიშში.
სავალუტო ფონდის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკები უკრაინაში მიმდინარე ომის შემდგომ განვითარებაზე კვლავ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.
ვრცლად: bm.ge