I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების შემცირება, მარტში, ტურისტულ ვიზიტებზე ახლო აღმოსავლეთის ესკალაციის გავლენას ასახავს - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.
საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ისრაელიდან, ირანიდან, სომხეთიდან, ინდოეთიდან და აზერბაიჯანიდან ვიზიტორების შემცირება ევროკავშირიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, უკრაინიდან და საუდის არაბეთიდან ვიზიტორების ზრდით დაბალანსდა.
„2026 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად, მცირედით, 0.2%-ით შემცირდა და 1.2 მლნ მოგზაური შეადგინა, რაც ასახავს ახლო აღმოსავლეთში არსებული ესკალაციის გავლენას ტურისტულ ვიზიტებზე მარტის თვეში. აღნიშნული შემცირება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების წლიურად 19%-იანმა შემცირებამ განაპირობა, მაშინ როცა ტურისტული ვიზიტები წლიურად 4.0%-ით გაიზარდა (85.2% წილი მთლიან ვიზიტებში).
აღსანიშნავია, რომ I კვარტალში ვიზიტორები მნიშვნელოვნად შემცირდა ისრაელიდან (-17.5% წ/წ), ირანიდან (-48.8% წ/წ), სომხეთიდან (-11.2% წ/წ), ინდოეთიდან (-29.5% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (-8.1% წ/წ). ეს შემცირება უმეტესწილად დააბალანსა ვიზიტორების ზრდამ ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ), თურქეთიდან (+5.8% წ/წ), რუსეთიდან (+5.2% წ/წ), ჩინეთიდან (+48.6% წ/წ), უკრაინიდან (+24.5% წ/წ) და საუდის არაბეთიდან (+36.6% წ/წ)“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.