რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოში ტურიზმის სფერო წლებია კრიზისულ რეჟიმში ოპერირებს, თუმცა სექტორი ისევ ნაკლებ ყურადღებას უთმობს პრევენციულ ნაბიჯებს, რაც ბიზნესის სტაბილურობისთვის გადამწყვეტია.

"ჩვენ კოვიდიდან დაწყებული ყოველთვის ვსაუბრობთ კრიზისულ სიტუაციაზე, რა  სიტუაციაში ვართ და როგორ გადავლახოთ ეს. შემდეგ პოსტკრიზისულ სიტუაციაზე ვსაუბრობთ და ძალიან იშვიათია პრევენციის მიღების აუცილებლობაზე საუბარი", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში. 

მისი შეფასებით, ბოლო ათწლეულებში ბიზნესი მნიშვნელოვნად განვითარდა და სრულიად განსხვავებულ ფორმატში ჩამოყალიბდა, თუმცა სტაბილურობის მიღწევა კვლავ გამოწვევად რჩება.

"დაახლოებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენი სფერო განვითარდა, ვერ შეადარებ დღევანდელ სიტუაციას წინა წლებისას. რეალურად ბიზნესი სხვა მიმართულებით ჩამოყალიბდა. ეს ბიზნესი სტაბილური რომ გახდეს, აუცილებელია სწორედ პრევენციული ნაბიჯების გადადგმა", - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ. 

შოთა ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, კრიზისებისთვის მზადყოფნა აუცილებელია.

"ჩვენ არ ვცხოვრობთ შუაგულ ევროპაში, სადაც ასეთი კრიზისული სიტუაციები იშვიათად იქმნება. შესაბამისად, ამ რეალობაში კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის უნდა იყოს მუდმივი დიალოგი, რომ კრიზისისთვის მზად ვიყოთ", - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობის განცდა როგორც ბიზნესისთვის, ისე დასაქმებულებისთვის.

"ამ სფეროში მუდმივად არის კადრების დეფიციტი. დასაქმებულს უნდა ჰქონდეს სტაბილურობის განცდა — არ უნდა ფიქრობდეს ყოველდღე, მიიღებს თუ არა თვის ბოლოს ხელფასს", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე. 

ბურჯანაძის განცხადებით, დამსაქმებელი უნდა იყოს გარანტი თანამშრომლებისთვის, ხოლო სახელმწიფომ უნდა შექმნას შესაბამისი მხარდამჭერი გარემო.

მისი თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს დროებითი საგადასახადო შეღავათები და სხვა მხარდამჭერი მექანიზმები.

"ეს შეიძლება იყოს საგადასახადო კუთხით გარკვეული დათმობები ან ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას რამდენიმე თვის განმავლობაში შედარებით მარტივად გადალახოს სირთულეები", - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ. 

ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ სტაბილურობის შექმნა სექტორს მნიშვნელოვნად გააძლიერებს და განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

"ყველაფერს ვერ დააზღვევ, მაგრამ თუ დიდი დოზით იქნება დაზღვევის შესაძლებლობა, საბოლოოდ ტურიზმის სფერო, რომელიც ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, გადავა განვითარების ახალ ეტაპზე", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. 

bp.ge