საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, მე-4 და მე-5 ლოტების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის საერთაშორისო ტენდერის ვადა გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
ინფორმაციის მიხედვით, ტენდერი, რომლის ვადა დღეს იწურებოდა, 13 მაისამდე გახანგრძლივდა.
მე-4 ლოტი მოიცავს 8.7-კილომეტრიან მონაკვეთს (თბილისის აეროპორტი – ლოჭინის კვანძი), ხოლო მე-5 ლოტის სიგრძე 10.2 კილომეტრია და ლოჭინის კვანძიდან რუსთავის მიმართულებას მოიცავს.
აღნიშნულ მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 15,136,926 აშშ დოლარს შეადგენს.
სამინისტროს ინფორმაციით, საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით და მისი შესყიდვების წესების შესაბამისად.
„დაინტერესებულმა კომპანიებმა განაცხადები (ინტერესის გამოხატვა) უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე, აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის მეშვეობით, არაუგვიანეს 2026 წლის 13 მაისისა.
ზედამხედველობის მომსახურების სავარაუდო ხანგრძლივობა 90 თვეა.
თბილისის შემოვლითი გზა წარმოადგენს აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E60) მნიშვნელოვან ნაწილს. პროექტი ერთდროულად ემსახურება საერთაშორისო სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას და დედაქალაქის სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას.
თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური — რუსთავი) ჯამში, დაახლოებით 49 კილომეტრია და რამდენიმე ლოტად ხორციელდება“, - წერია ინფორმაციაში.