ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, როცა ქართველი ტურისტები გალფის ქვეყნების პოპულარული მიმართულებებით ვეღარ მოგზაურობენ, გააქტიურებულია ევროპის მიმართულებები.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ტურისტული კომპანია „ვინგლეთის“ დამფუძნებელი ანა კირკიტაძე აცხადებს, რომ განსაკუთრებით პოპულარული გახდა საკრუიზო მოგზაურობა.

ამასთან ერთად, როგორც ანა კირკიტაძე აღნიშნავს, იმის გამო, რომ ირანის ომის ფონზე საწვავი გაძვირდა, ავიაბილეთების ღირებულება დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი.

„ავიაბილეთების ნაწილი მართლაც მტკივნეული თემაა. სეზონია ისეთი, ზოგადად, ამ პერიოდში ფასები ისედაც იმატებს ხოლმე, თუმცა რეალობიდან გამომდინარე, ფასების ზრდა უფრო მაღალია, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. ეს ზრდა, პირველ რიგში, საწვავის ნაწილში, ავტომატურად იწვევს ბილეთების გაძვირებას, რასაც ემატება ომის გამო გარკვეული მიმართულებების ჩახსნა. შედეგი გახლავთ ის, რომ შემცირდა ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც კონკრეტული მიმართულებით დაფრინავდნენ. იმის გამო, რომ მიწოდება შემცირდა, მოთხოვნა ავტომატურად გაიზარდა და ესეც არის ფასების მატების ერთ-ერთი მიზეზი. ცხადია, რაც უფრო მოიმატებს საწვავის ხარჯი, ავტომატურად, ავიაბილეთებზე იმოქმედებს. ამ ეტაპზე ზრდის ტენდენციაა და რა იქნება მომავალში, იმის მიხედვით გავიგებთ, რა მდგომარეობა იქნება გლობალურად.

უხეშად რომ ვთქვათ, თუ ბილეთი 300-350 ევრო ღირდა, არ ვგულისხმობ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, ავიაბილეთების ფასი დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი“, - აცხადებს ანა კირკიტაძე.

მისივე თქმით, ძალიან აქტიურად მიდის გაყიდვები ანტალიის მიმართულებით, ასევე, მოთხოვნადია ევროპის ქვეყნები.

„გამყვან ტურიზმს რაც შეეხება, საქართველოსთვის აქტიური სეზონი აპრილიდან იწყება. ძალიან აქტიურად მიდის გაყიდვები ანტალიის რეგიონის მიმართულებით, სადაც მოთხოვნა ყოველთვის არის ხოლმე და ისევ კარგად იყიდება. აზიის მიმართულების ქვეყნები შედარებით ნაკლებად იყიდება, დატვირთვა უფრო მეტად მოდის ევროპის მიმართულებებზე. როგორც ჩანს, ევროპის ქვეყნებზე უფრო აქვთ უსაფრთხოების შეგრძნება და ალბათ, ეს განაპირობებს იმას, რომ კრუიზების მიმართულებით მოთხოვნა მომატებულია“, - ამბობს ანა კირკიტაძე.