შავ ზღვაში 7 აპრილს ჩაღვრილი ნავთობი შესაძლოა საქართველოს სანაპიროზეც მოხვდეს.
„თუ აღმოსავლეთიდან შავი ზღვის ტიპიური დინება არ ფორმირდა და არ გაძლიერდა (ბოლო პერიოდში ის პირიქით მოძრაობდა) ლაქა საქართველოს სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთს მიაღწევს.
ლაქის დრეიფის სიჩქარეა 3-3.5 მ/წამში, პერიოდულად – 5 მეტრი წამში, ანუ დაახლოებით 10-12 კილომეტრი საათში.
საქართველომდე მოღწევას (დისტანცია 105 კილომეტრია) ამ მოცემულობით ხვალისთვის უნდა ველოდოთ,“ – ამბობს ბიოლოგიის დოქტორი, იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე.
ნავთობპროდუქტები შავ ზღვაში მიმდინარე წლის 7 აპრილს ჩაიღვარა რუსეთის ქალაქ ანაპასთან. ნავთობით ზღვის დაბინძურების სავარაუდო გამომწვევია ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი „სოფია“.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 350 ტონამდე ნედლი ნავთობი მოხვდა შავ ზღვაში.
„ეს ძალიან დიდი, კატასტროფული ოდენობაა, ამხელა ნავთობის ზღვაში მოხვედრა. თანამგზავრული გამოსახულებებით დადგინდა, რომ ანაპის აკვატორიაში მოხდა ჩაღვრა. პირველსავე დღეებში ლაქის ფართობმა მიაღწია 200 კვადრატულ კილომეტრამდე, რაც ძალიან დიდი ფართობია.
შემდგომ დაიწყო ნავთობის ლაქამ გავრცელება. ერთი ნაწილი უტრიშის ნაპირებთან (ანაპის რაიონი) გაირიყა, სადაც ძალიან მძიმე ვითარება.
უტრიში არის ნაკრძალი, დაცული ტერიტორია. გამოირჩევა თავისი უნიკალური მრავალფეროვნებით, მათ შორის ეს ადგილი მნიშვნელოვანია თევზების ბიომრავალფეროვნების და ზღვის ძუძუმწოვრებისთვის. მოკლედ, შავ ზღვაში ერთ-ერთი გამორჩეული ცხელი წერტილია ბიომრავალფეროვნების კუთხით.
იქ ამხელა ოდენობის ნავთობის ჩაღვრა არის ძალიან მძიმე შავი ზღვის ეკოსისტემისთვის.
ანაპის შემდეგ ნავთობის ლაქამ დაიწყო დრეიფი შავი ზღვის აღმოსავლეთით, ანუ ჩვენი მიმართულებით,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე „ბათუმელებთან“.
ვრცლად: ბათუმელები