ბინა, მიწის ნაკვეთი, ცოლის მფლობელობაში არსებული თიბისი ბანკის და BGEO Group-ის აქციები და მანქანა - ასეთია ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის და მისი ცოლის თინათინ თოთიბაძის ქონებრივი მდგომარეობა, რომელიც მან 2025 წლის ამსახველ ქონებრივ დეკლარაციაში გაწერა.
რევაზ სოხაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2025 წლის 24 აპრილიდან ხელმძღვანელობს. მანამდე ის თბილისის ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, საიდანაც მან 2025 წლის იანვრიდან 23 აპრილის ჩათვლით 22 241 ლარის სახელფასო ანაზღაურება მიიღო, ხოლო 24 აპრილის შემდეგ წლის ბოლომდე მინისტრობისთვის აღებული ხელფასი 82 446 ლარი იყო.
რევაზ სოხაძეს ასევე აქვს 45 000 დოლარის მოცულობის ნაღდი ფული, რომელიც მიღებული აქვს წილის გასხვისებიდან, ბინის გაყიდვიდან და დანაზოგიდან.
ინფრასტრუქტურის მინისტრი ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს 2019 წელს შეძენილ კიკეთში არსებულ 2008 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთს, ამბროლაურის სოფელ ცახში არსებულ მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთს, თბილისში 72.2 კვ.მ.-ს ბინას და იმავე მისამართზე 2 ავტოფარეხს.
თბილისში, 65.3 კვ.მ-ის ბინას ფლობს მისი ცოლი თინათინ თოთიბაძეც, რომელმაც უძრავი ქონება 50 000 დოლარად 2016 წელს შეიძინა.
მის ცოლს ასევე TBC Bank-ის ჯგუფის აქციები აქვს, რომელიც 2017 და 2020 წელს აჩუქეს - ჯამში 592 აქცია, ხოლო BGEO ჯგუფის 7 აქცია, რომელიც 2012 წელს იყიდა. თინათინ თოთიბაძე ფლობს ასევე 2017 წელს ნაყიდ Hyundai CRETA მოდელის მანქანას. მან გასულ წელს თიბისი ბანკში მუშაობით 110 421 ლარის შემოსავალი მიიღო.
რევაზ სოხაძე კომპანია „მაინჰაუსში“ 30%-იან წილს ფლობს, რომელიც მართვის უფლებით კომპანიის დირექტორისთვის გიორგი ქისიშვილის აქვს გადაცემული.
ინფრასტრუქტურის მინისტრი 2018 წელს აღებულ 115 000 ევროს მოცულობის იპოთეკურ და 2021 წელს აღებულ 16 450 დოლარის მოცულობის სამომხმარებლო სესხს ემსახურება. 2025 წელს ამ ვალდებულებებისთვის მისი გასავალი 1753 დოლარი და 6 468 ევრო იყო.
გასავალში აქვს დაფიქსირებული რევაზ სოხაძეს შვილის სწავლის გადასახადიც, რაც გასულ წელს 12 752 ლარს შეადგენდა.