„გვალვების პროცესი ყოველთვის ძალიან მძიმედ აისახება სოფლის მეურნეობაზე“, - ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობაზე კლიმატური ცვლილებების გავლენაზე საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, ევროპის კლიმატის ცვლილების სამსახურის Copernicus-ის ინფორმაციით, 2025 წლის აგვისტოში საქართველოში, ისევე, როგორც სომხეთსა და ლიბანში დაახლოებით, 90%-ზე დაფიქსირდა გვალვა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გვალვამ მოიცვა არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კულტურები, არამედ საძოვრები, სათიბი ფართობები და ტყეებიც.

აღსანიშნავია, რომ გვალვები გამოწვევას უქმნის სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობასა და ზიანს აყენებს მოსავალს. როგორც ნინო ჩხობაძე განმარტავს, მსგავსი შემთხვევა წელს დაფიქსირდა დასავლეთ საქართველოში, სადაც ექსტრემალურად მაღალმა ტემპერატურამ სხვადასხვა კულტურა დააზიანა.

„გვალვების პროცესი ყოველთვის ძალიან მძიმედ აისახება სოფლის მეურნეობაზე. თუ გვალვების დროს რწყვა არ იქნა განხორციელებული, მოსავალი იკარგება. მაგალითად, წელს დასავლეთ საქართველოში ბევრმა დაკარგა მოსავალი მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალი ექსტრემალური ტემპერატურა იყო და მისი ხანგრძლივობა იყო ძალიან დიდი. ასეთი ექსტრემალური ტემპერატურები წინა საუკუნეებშიც ყოფილა, მაგრამ ხანგრძლივობა არ ჰქონია ასეთი. ამ ყოველივემ დიდი ზემოქმედება მოახდინა მოსავლიანობაზე.

ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურების დროს წარმოიშობა კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია მაღალ ამპლიტუდასთან, რა დროსაც დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა, ღამით კი სიგრილე ფიქსირდება. ამ შემთხვევაში ხდება ნიადაგის გამოფიტვა. ნიადაგის ეროზია კი არის წინაპირობა და შესაძლებლობა იმისა, რომ წარმოიქმნას მეწყერი, ღვარცოფი და ა.შ. ვხედავთ, რომ ეს პროცესები არის საქართველოში“, - აღნიშნავს ნინო ჩხობაძე.

ამასთანავე, რესპონდენტმა ისაუბრა საქართველოში კლიმატური ცვლილებების გამოვლინებაზე და აღნიშნა, რომ თითქმის ყველა ის კრიტერიუმი, რაც ახასიათებს კლიმატურ ცვლილებებს, საქართველოში უკვე შეინიშნება.

„დიდი ხანია მიმდინარეობს კლიმატური ცვლილებები. კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაოდ აღიარებული რამდენიმე ინდიკატორი არსებობს. პირველი ეს არის მყინვარების დნობა, რაც უკვე არის. მეორე უხვი ნალექის მოსვლა - როცა ერთი დღის განმავლობაში მთელი კვარტლის რაოდენობის ნალექი მოდის. ასეთი შემთხვევა ახლახან გვქონდა ბათუმში და ეს დინამიკა შეიმჩნევა მთელი საქართველოს მასშტაბით. მესამე, გრუნტის წყლების დაწევა ხდება. მეოთხე, ნალექების პირობებშიც კი შემცირებულია მდინარეების ჩამონადენი. მეხუთე, ტბებში ვითარდება ევტროფიკაციის პროცესი (ნუტრიენტების ჭარბი დაგროვება), რაც გამოწვეულია როგორც ბუნებრივი მოვლენებით, ასევე ადამიანის ზემოქმედებით. მეექვსე, იქ სადაც აქამდე არ იყო ხშირი ღვარცოფები და ბუნებრივი კატასტროფები, ახლა შეიმჩნევა. ეს ყოველივე იწვევს სერიოზულ პრობლემებს და ცხადყოფს, რომ დედამიწაზე კლიმატი იცვლება“, - დასძინა რესპონდენტმა.

როგორც ნინო ჩხობაძე აღნიშნავს, გვალვების პირობებში საჭიროა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვა. მაგალითად, წყლის რესურსი ამოწურვადია, ამ პირობებში კი საჭიროა სოფლის მეურნეობა გადავიდეს წვეთოვან სისტემებზე, რაც რესურსების ოპტიმიზაციას გამოიწვევს.

„პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაზე მუშაობს მთელი მსოფლიო, ბევრ ქვეყანას უკვე აქვს მიღებული ადაპტაციური ღონისძიებების გეგმა. მაღალი ტემპერატურების გამო სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას ვკარგავთ, ამის შერბილება შესაძლებელია პრევენციული ღონისძიებების გატარებით. მაგალითად, წყლის ნაკლებობა გვაქვს და ეს პრობლემა უფრო თვალსაჩინოა გვალვების პერიოდში. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გადავიდეთ რწყვის ახალ მეთოდზე - მიწები უნდა მორწყვას არა მიშვებით, არამედ წვეთოვანი წყალმომარაგების სისტემებით. გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგია და მათი დანერგვა უნდა მოხდეს. თითოეული პრევენციული ღონისძიება უნდა აისახოს ადაპტაციური ღონისძიებების გეგმაში, რომელზეც ახლა მუშაობს საქართველო. პროცესებში ჩართული არის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მუნიციპალიტეტებიც, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა რეგიონს განსხვავებული რელიეფი აქვს და მასზე მორგებული ღონისძიებების გატარება სჭირდება“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ნინო ჩხობაძემ.

წყარო: www.bpn.ge