საქართველოდან რუსეთში კონიაკის დისტილატის იმპორტი შესაძლოა გამარტივდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სასმლის წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეულის დეფიციტი. ამის შესახებ, როგორც რუსულ მედიაზე დაყრდნობით ekhokavkaza წერს, ნათქვამია ალკოჰოლისა და თამბაქოს ბაზრების კონტროლის ფედერალური სამსახურის (Росалкогольтабакконтроль) მიერ რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში.
რუსეთის ფინანსთა უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოდან დისტილატის იმპორტის გამარტივების საკითხს ახლა მთავრობაში განიხილავენ.
ამჟამად ქართული ნედლეული სხვა ქვეყნების პროდუქტებთან შედარებით უფრო მკაცრ კონტროლს გადის. ფედერალური საბაჟო სამსახური კონიაკის დისტილატების თითოეულ პარტიას, რომელიც რუსეთის ფედერაციას მიეწოდება, მხოლოდ ლაბორატორიული ტესტების ჩატარების შემდეგ რთავს ნებას. გარდა ამისა, მათი შეტანა რუსეთის ფედერაციაში შესაძლებელია მხოლოდ იმ მწარმოებლებისგან, რომლებმაც გაიარეს ინსპექტირება „როსპოტრებნადზორის“ მიერ.
მანამდე „სოიუზკონიაკმა“ საქართველოდან კონიაკის დისტილატის იმპორტის გამარტივება მოითხოვა, რათა გადაიჭრას ნედლეულის დეფიციტი. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოდან მიწოდებაზე მკაცრმა კონტროლმა განაპირობა ის, რომ ქართულმა ნედლეულმა დაიწყო რუსეთში შესვლა სომხერი და ყაზახური პროდუქციის საფარქვეშ. ინიციატივას მხარი დაუჭირა ალკოჰოლისა და თამბაქოს ბაზრების კონტროლის ფედერალურმა სამსახურმა.
შუამავალი ლოგისტიკური და სატრანზიტო ქვეყნების (როგორიცაა სომხეთი) ფინანსური ხარჯების გვერდის ავლით, უშუალოდ ქართველი მწარმოებლისგან კონიაკის დისტილატის მიწოდება, მიმღებისთვის ეკონომიკურად უფრო მომგებიანი იქნება - ნათქვამია ფედერალური სამსახურის მიერ ფინანსთა სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილში .
ექსპერტები ასევე მიუთითებენ „რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ბოლოდროინდელ გართულებაზე“, რაც შეიძლება იყოს საქართველოდან პროდუქციის მიწოდებაზე კონტროლის შესუსტების განზრახვის მიზეზი.
„აქამდე კონიაკის დისტილატის მთავარი მიმწოდებელი სომხეთი იყო, ახლა კი რესპუბლიკიდან რუსეთში ნედლეულის მიწოდება შემცირდა“, - აღნიშნა „საზოგადოებრივი სამომხმარებლო ინიციატივის“ ხელმძღვანელმა ოლეგ პავლოვმა.
ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ზემო ლარსის საგუშაგოზე პრობლემები ექმნებოდათ საავტომობილო გადამზიდავებს, რომლებსაც სომხეთიდან რუსეთში ტვირთი გადაჰქონდათ. სომხეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რუსულმა მხარემ შექმნილი ვითარება რუსეთის ფედერაციაში მიწოდებული კონიაკის ხარისხის შემოწმებით ახსნა.