ფრანგული ალკოჰოლური კონცერნი, Pernod Ricard, რომელიც ბრენდების, Chivas Regal-ის, Jameson-ის, Ballantine's-ისა და Ararat-ის მფლობელია, რუსეთში წარმომადგენლობის დახურვას გეგმავს. ინფორმაციას გაზეთი, „კომერსანტი” ავრცელებს.

ბიზნესის შეწყვეტას Pernod Ricard-ში შემავალი ერევნის კონიაკის ქარხნის მენეჯმენტი გააკონტროლებს. იქ აცხადებენ, რომ P.R.Rus-ი ოპერაციების შესაჩერებლად აუცილებელ პროცედურებს გადის და კომპანიას სხვა გეგმები არ აქვს.

ბაზარზე „კომერსანტის“ წყაროს ცნობით, P.R. Rus უკვე მთელმა გუნდმა დატოვა, ხოლო დარჩენილმა თანამშრომლებმა კომპანია შესაძლოა, აგვისტოს ბოლომდე დატოვონ.

2020-2021 წლებში Pernod Ricard-მა რუსეთში, Ararat-ის გამოკლებით, დაახლოებით, 14 მილიონი ლიტრი ძლიერი ალკოჰოლური სასმელი შეიტანა, ხოლო 2022 წელს, უკრაინის ომის დაწყებისა და დასავლური სანქციების გამკაცრების შემდეგ, იმპორტი 6,95 მილიონ ლიტრამდე შეამცირა. მიმდინარე წლის მაისში კონცერნმა რუსეთში ყველა საერთაშორისო ბრენდის მიწოდების შეწყვეტა დააანონსა. იანვარ-აპრილში კომპანიამ ქვეყანაში სულ 4,6 მლნ ლიტრი ალკოჰოლი შეიტანა.

რაც შეეხება Ararat-ს, კონიაკის 70-90% რუსეთში იყიდება და სასმელის ასეთი მოხმარების სხვა ბაზარი არ არსებობს. ამდენად, Pernod Ricard-მა შესაძლოა, Ararat-ის მწარმოებელი ერევნის კონიაკის ქარხანა გაყიდოს. თუმცა შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, რადგან გამყიდველი აქტივს მეტად ძვირად აფასებს. წყაროს ცნობით, დაინტერესებული მხარე Luding Group-ია, რომელიც 2021 წლიდან Ararat-ის მთავარი დისტრიბუტორია.

P.R. Rus-ის ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 2021 წლის 27,5 მლრდ რუბლიდან 2022 წელს 19,2 მლრდ რუბლამდე (292 მილიონიდან 204 მლნ დოლარამდე), ხოლო სუფთა მოგება (იმავე წლების შესაბამისად) 2,2 მილიარდიდან 2 მლრდ რუბლამდე (23 მილიონიდან 21 მლნ დოლარამდე) შემცირდა.

bpn.ge