3 ოქტომბერს სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა განაცხადა, რომ კონიაკის მომწოდებლებს უჭირთ ალკოჰოლის ტრანსპორტირება რუსეთის ფედერაციის საზღვარზე, რადგან ზემო ლარსის საგუშაგოზე სომხური ტვირთი გაჩერებულია.
რუსეთის ფედერაციაში სომხეთის საელჩოს სავაჭრო ატაშე ვაჰან ჰაკობიანმა განმარტა, რომ საზღვარზე კონიაკით დატვირთული 60-მდე სატვირთო დაგროვდა. თითო მანქანაში დაახლოებით 0,5 ლიტრიანი 20,500 ბოთლია, რაც საერთო ჯამში 1,2 მლნ ბოთლზე.
ბაზრის მონაწილეების თქმით, შესვლის პრობლემები ფედერალური საბაჟო სამსახურის მიერ ალკოჰოლის ხარისხის გაძლიერებული შემოწმების გამო დაიწყო. ჯერ საბაჟო ოფიცრები ამოწმებენ საბუთებს, შემდეგ შეუძლიათ პროდუქცია ექსპერტიზაზე გააგზავნონ, რაც ერთი კვირიდან ერთ თვემდე გრძელდება.
სომხური კონიაკის მიწოდებაზე კონტროლი 2023 წლის მარტ-აპრილში აღმოჩენილი დარღვევებისა და ყალბი საქონლის კონტრაბანდის მცდელობის გამო გაძლიერდა.
ტელეგრამ არხი Пьяный мастер-ი წერს, რომ საკითხის პოლიტიკურია. „დსთ-ს ქვეყნების „დასჯა“ უკვე არაერთხელ სცადა მოსკოვმა, როდესაც, ზოგიერთი არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ, რუსეთი მათ ეკონომიკურ პრობლემებს უქმნიდა და ზღუდავდა ან მთლიანად კრძალავდა რუსეთის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი საქონლის ექსპორტს.
არამეგობრული ქმედებები, სავარაუდოდ, ეხება ერევნის ნაბიჯებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებისა და მოსკოვთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე. სომხეთმა რუსი სამშვიდობოები რეგიონში უმოქმედობაში დაადანაშაულა, გაიწვია მისი მუდმივი წარმომადგენელი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან, ჩაატარა ერთობლივი წვრთნები შეერთებულ შტატებთან და მოახდინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება. ამ უკანასკნელს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა „უკიდურესად მტრულ" ნაბიჯად უწოდა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ შეზღუდვებით პირველ რიგში სომეხი მწარმოებლები დაზარალდებიან და ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება კრიტიკული რუსული ბაზრისთვის, რადგან ერევნის კონიაკის ქარხანა, რომელიც კონიაკ „არარატს“ აწარმოებს, პროდუქციის 80%-ს რუსეთის ფედერაციაში ყიდდა.