საქართველოს გავლით, სომხეთიდან რუსეთში მიმავალი 60-მდე სატვირთო მანქანა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან არის გაჩერებული და რუსული მხარის მიერ კონტროლის დასრულებას ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია რუსეთში სომხეთის საელჩოს საბაჟო ატაშე ვაან აკოფიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთში კონიაკზე კონტროლი ძალიან ადრე დაიწყო. მარტ-აპრილიდან რუსეთის საბაჟო სამსახურმა დაიწყო სომხეთიდან შემოტანილი კონიაკების საბაჟო კონტროლი. ეს აიხსნება იმით, რომ აღმოჩენილი იქნა დარღვევები: ყალბი კონიაკები და ა.შ. რამდენიმე დღის წინ მეთვალყურეობა გაძლიერდა. თუ ადრე კონტროლი ტარდებოდა კონკრეტულ ექსპორტიორებთან ან იმპორტიორებთან მიმართებაში, ახლა სომხეთიდან შემოსული ყველა კონიაკი საბაჟო კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა აკოფიანმა.
მისი განმარტებით, მონიტორინგი ორი ფორმით მიმდინარეობს: დოკუმენტური და ინსპექტირების. შემოწმების შედეგების საფუძველზე შეიძლება მიღებული იყოს გადაწყვეტილება პროდუქციის ექსპერტიზაზე გაგზავნის შესახებ. როდესაც საქონელი იგზავნება ექსპერტიზაზე, მანქანები უნდა დაელოდონ საგუშაგოზე პასუხების მოსვლამდე. საბაჟო ატაშეს თქმით, მანქანების დაგროვების მიზეზი ძირითადად ის არის, რომ ექსპერტის პასუხს ელოდებიან. ეს შეიძლება გაგრძელდეს 1 კვირიდან 1 თვემდე. მისი თქმით, ინსპექტირების დასრულებას 60-მდე ავტომობილი ელოდება.
„მაგრამ ეს ასევე ხელს არ უშლის სხვა მანქანების შემოწმებას და გასვლას, ეს არ იმოქმედებს მთლიან მოცულობაზე“, - განაცხადა ჰაკობიანმა.
გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ამ გზით რუსეთი სომხეთის მიმართ „ეკონომიკურ სანქციებს“ მიმართავს, საბაჟო ატაშემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონტროლი მარტი-აპრილიდან დაიწყო, სასმელის გაყალბებასთან დაკავშირებით დარღვევები ნამდვილად იდენტიფიცირებულია და რუსულ მხარეს კონტრილის ობიექტური მიზეზები ნამდვილად აქვს. კითხვაზე, ხედავს თუ არა დაბრკოლებების ხელოვნურად შექმნის ტენდენციას აკოფიანი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.
ამასთან, გამოცემა The Moscow times წერს, რომ კონიაკის მომწოდებლებთან პრობლემები წარმოიშვა სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირების ფონზე, დოკუმენტისა, რომელიც ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მუშაობას არეგულირებს და რომელმაც მარტში პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.